17 ნოემბერი 2024,   14:57
ვრცლად
წარმოდგენა არ მაქვს - ირაკლი ოქრუაშვილი მისი თანაგუნდელის მიერ გავრცელებულ ძალადობრივი შინაარსის ვიდეომიმართვაზე

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც პოლიციელებზე მუქარას შეიცავს. ვიდეოს ოპოზიციის მხარდამჭერი და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი ასლან ვაშაყმაძე ავრცელებს. "კურიერი" ირაკლი ოქრუაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებული არ არის.

"წარმოდგენა არ მაქვს რაზე მირეკავთ, ხვალ დამირეკეთ დილით," - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

ძალადობის მოწოდობის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შესახებ კომენტარი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ მირდატ ქამადაძემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველანაირ ძალადობას ყოველთვის ემიჯნება და ასლან ვაშაყმაძეს გავრცელებული განცხადებების შემდეგ აქციებზე საჯარო ტრიბუნა არ მიეცემა.

"მსგავსი ამორალური და სამარცხვინო განცხადებები და მოწოდებები არ შეიძლება იყოს ამ აქციის ლაიტმოტივი, ვინაიდან ჩვენ ძალიან მშვიდობიანად და პრინციპულად ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს. ამ განცხადებების შემდეგ ასლან ვაშაყმაძეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ აქციებზე საჯარო ტრიბუნა არ მიეცემა," - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

დღის ამბები