17 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
"პოლიციელების სახლიდან გამოთრევა და აჩეხვა" - ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრის ძალადობრივ მოწოდებებს ოპოზიციაში ემიჯნებიან

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, რომელმაც მოქალაქეებს სამართალდამცველების ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდა ბოდიშს იხდის. ასლან ვაშაყმაძემ მორიგი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მანამდე კი მან, გუშინ, ხალხს აგრესიული და უცენზურო გამონათქვამებით მოუწოდა პოლიციელებზე ფიზიკური ძალადობისკენ.

ვაშაყმაძის მოწოდებებს ემიჯნებიან ოპოზიციაში. განცხადებები სხვადასხვა პარტიებში უკვე გაკეთდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ასლან ვაშაყმაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უზნეოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მის განცხადებას მთელი ოპოზიცია გმობს.

"გუშინვე უსწრაფესად ალბათ ნახეთ, რომ ოპოზიციური ერთობის უკლებლივ ყველა წევრი, არა თუ გაემიჯნა მის განცხადებას, არამედ დაგმო. ამ სულელურ, უტვინო, უზნეო განცხადებაზე მეტი რა კომენტარი გავაკეთო არ ვიცი. ეს ყველაზე მეტად ალბათ ვისაც გაუხარდა, ყველამ კარგად ვნახეთ ხომ, გუშინ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს," – აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრი ალექსანდრე მილორავა აცხადებს, რომ ოპოზიციური სპექტრის პროტესტი არის მშვიდობიანი და ნებისმიერ აგრესიას ეწინააღმდეგება.

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი კი ასლან ვაშაყმაძის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვებს სერიოზულად არ აღიქვამს და ამბობს, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული კრიზისიდან გამომდინარე ადამიანები მძიმე მდგომარეობაში არიან, რის გამოც  შესაძლებელია მსგავსი განცხადებების ხილვა. ის ამბობს, რომ თუ ეს არ არის რაიმე კონკრეტული პოლიტიკური განცხადება, ფიქრობს დიდ ყურადღებას არ უნდა იმსახურებდეს.

"კონკრეტული განცხადება არ მინახავს პერსონალურად, მაგრამ თქვენ რასაც ამბობთ ეს არის აგრესია და ჩვენს ქვეყნაში არის ახლა კრიზისი, ადამიანები არიან სერიოზულად მძიმე მდგომარეობაში, შესაბამისად თუ ეს არ არის რაიმე კონკრეტული პოლიტიკური განცხადება მე დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი ასეთი ადამიანების ადამიანურ გამონათქვამებს, რომელიც შეიძლება მიუღებელი იყოს სრულად. სერიოზულადაც არ განვიხილავ, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია პოლიციელებს აჩეხვით ემუქრებოდეს ამ ქვეყანაში," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში თავდაპირველად გავრცელებულ ვიდეოში ოპოზიციის მხარდამჭერი სამართალდამცველების მიმართ აგრესიული და უცენზურო გამონათქვამებით მოუწოდებს ხალხს - "პოლიციელების სახლიდან გამოთრევას და მათ აჩეხვას" მოუწოდებდა ხალხს. ვიდეომიმართვის ავტორი ასლან ვაშაყმაძე, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ირაკლი ოქრუაშვილის პარტიიდან იყრიდა კენჭს.

დღის ამბები