17 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრის აგრესიულ მოწოდებებს პოლიტსაბჭო კონკრეტული ნაბიჯებით უპასუხებს

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში ასლან ვაშაყმაძის განცხადებებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გაკეთდა. პარტიის წევრის აგრესიულ მოწოდებებს შესაძლოა პოლიტსაბჭომ კონკრეტული ნაბიჯებით უპასუხოს.

ასლან ვაშაყმაძემ მოქალაქეებს სამართალდამცველების ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდა, რასაც პარტია ემიჯნება.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყველაფერ ამას, ჩვენ ვართ პროტესტანტები, რომლებიც აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს მშვიდობიანად. ეს არ შედის არც ერთი ჩვენგანის ინტერესებში. ბატონი ასლანი იყო ჩვენი კანდიდატი ზემო აჭარაში და რაც შეეხება საკითხს, დარჩება თუ არა ის პარტიაში, დღეს ან ხვალ შეიკრიბება პოლიტსაბჭო და მივიღებთ გადაწყვეტილებას," - განაცხადა "გამარჯვებული საქართველოს" წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა.

ასლან ვაშაყმაძის მოწოდებას ემიჯნება ოპოზიცია. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მისი ადგილი გაერთიანებული ოპოზიციის აქციებზე უკვე აღარ არის.

"ოპოზიციური პარტიები გავემიჯნეთ, არ არის ჩვენი სახეობა ძალადობა ყველა კარგად უყურებს, მთელი ბათუმი და საქართველო ხედავს თუ როგორ მშვიდობიანად ვდგავართ, ვაპროტესტებთ, მოთხოვნები იგივეა. ასეთი განცხადებების შემდეგ არა მარტო აქ მოსვლა, რა თქმა უნდა, ამ ბრძოლასა და აქციაში მისი ადგილი არ არის," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ვარშალომიძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე გამორიცხავს ნებისმიერ ძალადობას და მოუწოდებს ყველას ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობა არ მიიღონ.

"ყოველგვარ ძალადობას ჩვენი მხრიდან გამოვრიცხავთ და ყველას მოვუწოდებთ, რომ არანაირ ძალადობრივ ქმედებაში არ მიიღოთ მონაწილეობა. მშვიდობიანად, არაძალადობრივად უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და მივალთ აქამდე აუცილებლად. ამ უმძიმესი კრიზისის დროს კიდევ ძალადობა - ეს წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ვინმემ დავუშვათ. ჩვენ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა გვაქვს ამ კუთხით და ამიტომ ვიქცევით როგორც პასუხისმგებელი ოპოზიცია და პროტესტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან ფორმებს მივმართავთ," – აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში თავდაპირველად გავრცელებულ ვიდეოში ოპოზიციის მხარდამჭერი სამართალდამცველების მიმართ აგრესიული და უცენზურო გამონათქვამებით "პოლიციელების სახლიდან გამოთრევას და მათ აჩეხვას" მოუწოდებდა ხალხს. ვიდეომიმართვის ავტორი ასლან ვაშაყმაძე უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ირაკლი ოქრუაშვილის პარტიიდან იყრიდა კენჭს.

დღის ამბები