17 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
რა ბულინგის მსხვერპლი უნდა გავხდეთ, ხალხი ნახევრად შესულია პარლამენტში - იაგო ხვიჩია

მოსაზრებას, რომ ოპოზიციას მოსალოდნელი ბულინგის არ უნდა შეეშინდეს და პარლამენტში უნდა შევიდეს, "დღის კურიერის" ეთერში პარტია "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია გამოეხმაურა. მისი თქმით, "გირჩი" თანახმა იქნებოდა პარლამენტში შესვლაზე და არც ბულინგის შეეშინდებოდა, თუ პარლამენტი რეალურად იარსებებდა:

"მე ცნობილ ბულერად ვითვლები, შესაბამისად, ეგ ნაწილი ჩემზე, მე მგონი, არ ვრცელდება, გადმოსადგმელი იყოს ნაბიჯი, პარლამენტში შესვლა ღირდეს, პარლამენტი იყოს და პარლამენტში შევდიოდეთ და სახვეწარი არ იქნება და არც არავინ არ დაგვაბულინგებს, არ ვართ ჩვენ ის ხალხი, ვისაც აბულინგებენ. ჩემ თავზე არ მივიღებ ამ კრიტიკას, თუმცა სულისკვეთება მესმის, რომ ზოგადად, პოლიტიკური სივრცე არ უნდა იყოს ვიღაცის ზეწოლის ქვეშ, თუ ეს ასე ვინმეს ეჩვენება, მაგრამ ასე არაა სინამდვილეში. სინამდვილეში ამ წუთას "ქართულმა ოცნებამ" იმ არჩევნებით, რაც ჩაატარა, ქართველ ხალხს უთხრა, რომ მე შეიძლება სულ ვატარო აქ არჩევნები და ამითი ხელისუფლება არასდროს არ შეიცვლება. ჩემი პრობლემა, რის გამოც პარლამენტში შესვლაზე უარი ვთქვი ესაა, რომ თუ ეს რწმენა გაქრა, მე თუ შევედი ისეთ პარლამენტში, რომელიც არჩევნების გზით არ შეიცვლება, ეს ისეთივეა შეხვიდე ჩინჩალაძის და მურუსიძის სასამართლოში მოსამართლედ და იძახო, რომ მოსამართლე ხარ. ესაა პრობლემა და არა ის  ნაწილი, რომ ვიღაცა დაბულინგებულია, ჩვენი დაბულინგება არ არის ადვილი," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია მათი პარტიის ლიდერებისგან გამოთქმულ განცხადებასაც გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ თუ მართლმსაჯულების რეალური რეფორმის გარანტია იქნებოდა, "გირჩი" საკანონმდებლო ორგანოში შევიდოდა, სხვა წინაპირობების გარეშე:

"ჩემთვის ეს მართლმსაჯულების რეფორმა იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მთავარი პოლიტიკური მიზანია, მე რომ მჯეროდეს რომ ის შესრულდება, პარლამენტში შესვლაზე კი არა, თუ უნდათ არშესვლაზეც თანახმა ვარ და "ქართულ ოცნებაში" შესვლაზეც კი ვიფიქრო, მაგრამ მასე არ დგას საკითხი," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

"გირჩის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები ხელისუფლების მხრიდან არის შეფერხებული, რადგან მათი პასუხი ჭიაუნრდება. მისი თქმით, ამ მოლაპარაკებებზე კონსენსუსის საგანი უნდა იყოს ძალაუფლების დათმობა:

"ეს არჩევნები 100%-ით ხომ არ გაყალბებულა, გაყალბდა იმდენად, რომ ხელი შეუშალა კოალიციური მთავრობის შექმნას, ნაცვლად ერთპარტიულისა, ანუ ძალაუფლების დათმობის. გვესმის, რომ ამ დათქმით ვმონაწილეობთ პროცესში, მე ასე ვუყურებ ამ ამბავს," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია იმ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული შედეგების მიხედვით ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებას დათანხმდნენ, პარლამენტში ნახევრად შესულად მოიხსენიებს:

""გირჩის" მხრიდან პოლიტიკური ბულინგის მსხვერპლი პარტიათა ნაწილი უკვე იყო, პარტიათა ნაწილმა დაფინანსება აიღო, რომელიც ჩვენთვის იყო ირიბი აღიარება არჩევნების შედეგების, ანუ ჩვენ ჩვენი კოლეგების ნაწილს ვუყურებთ, როგორც პარლამენტში ნახევრად შესულს. ჩვენ და ალეკო ელისაშვილი მგონია მე, ბოიკოტის იდეის ერთგულად დამცველი ხალხი, თორემ, ოპოზიციას ფული აღებული აქვს საპარლამენტო არჩევნების შედეგად. რა ბულინგის მსხვერპლი უნდა გავხდეთ, ხალხი ნახევრადაა შესული პარლამენტში," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები