2021 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის გადამუშავებული ვერსია პარლამენტს წარედგინა. მომავალ წელს მთავრობა 18.384 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს.
ქვეყნის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ხარჯებში გათვალისწინებულია პანდემიით გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსება. პროექტით, 2021 წელს სახელმწიფო 5,3 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს აიღებს. პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.
სახელმწიფოს მთავარი ფინანსური დოკუმენტი ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის სამიზნეა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ მთავრობის ინტერესებზეა მორგებული:
"ბიუჯეტი, რომელიც ახლა შემოვიდა, არის თავიდან ბოლომდე ასაწყობი და დასანგრევი ფაქტობრივად, იმიტომ,რომ იქ ჩადებულია ეკონომიკური ზრდა 5% და მეორე უხეში ჩაკეტვის შემდეგ ბუნებრივია, რომ ეკონომიკას ძალიან მძიმედ დაარტყამს. მეორეა ის, რომ ძალიან დიდი ოდენობის საგარეო ვალია კვლავ ხუთნახევარი მილიარდი და ეს ვალი ნაცვლად იმისა, რომ მოხმარებოდა ეკონომიკის გაძლიერებას, ჯანდაცვის სისტემის ფეხზე დაყენებას და მოქალაქეების სოციალურ დახმარებას, კვლავ ძველი, 2019 წლიდან მოყოლებული, უსარგებლო, კორუფციული, "ქართულ ოცნებაზე" მორგებული ხარჯების დაფინანსება ხდება, არავითარი ქამრის შემოჭერის მსგავსი, არავითარი ეკონომია," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი 2021 წლის ფინანსურ დოკუმენტს სიღარიბის ბიუჯეტს უწოდებს და აცხადებს, რომ ის მოსახლეობის წინაშე მდგარ გამოწვევებს ვერ პასუხობს.
"ეს ბიუჯეტი სამწუხაროდ არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას საქართველო და საქართველოს მოსახლეობა, მასში არაფერია გათვალისწინებული კოვიდით დაზარალებულების კომპენსაციის, არაფერი არაა გათვალისწინებული კოვიდით დაზარალებული ბიზნესის დახმარებისთვის, პენსიის ის ზრდა, რაცაა ჩადებული, არის მინიმალური. ერთადერთი, რაც ჩადებულია ნამდვილად, ეს არის თავისივე ხელფასების და პრემიების ზრდა, რაც წლების განმავლობაში ასე იყო. ეს არის სიღარიბის ბიუჯეტი," - აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.
ოპოზიციისგან განსხვავებით, ბიუჯეტის პროექტს დაბალანსებულს და რაციონალურს უწოდებენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ ბიუჯეტის პროექტი ეფუძნება მოქალაქეების როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე სოციალურ მდგომარეობაზე ზრუნვას და ეკონომიკის ხელშეწყობას:
"საქართველოს მთავრობამ წარადგინა პარლამენტში ბიუჯეტი, რომელიც არის დაბალანსებული და რაციონალური, რომელიც ძირითადად ეფუძნება ჩვენი მოქალაქეებისთვის სოციალურ მხარდაჭერას, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ეკონომიკის ხელშეწყობას, - განაცხადა ლილუაშვილმა. მისი თქმით, მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტში ასახული ანტიკრიზისული ღონისძიებების მეოთხე ფაზა მიმართული იქნება მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე, მათ სოციალურ მხარდაჭერასა და ბიზნესის ხელშეწყობაზე, ომ თვალსაზრისით, რომ მაქსიმალურად მოხდეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება," - აღნიშნა "ქართული ოცნების" წევრმა ბექა ლილუაშვილმა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეც მიიჩნევს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა ის სოციალური ვალდებულება, რაც გამოცხადებული ჰქონდა "ქართულ ოცნებას":
"ყველა ის სოციალური ვალდებულება, რაც ჩვენ გამოცხადებული გვქონდა, ბიუჯეტში დევს, მათ შორის არის პენსიებთან დაკავშირებით. ბიუჯეტში დევს 1.1 მილიარდიანი პაკეტი კოვიდთან დაკავშირებით დახმარებების, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, დახმარება საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, 300 ლარიანი დახმარებები და ბიზნესის დახმარება," - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.