ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება. იენს სტოლტენბერგმა წევრი ქვეყნების სახელით, გლობალურ უსაფრთხოებაში ოფიციალური თბილისის, როგორც ღირებული პარტნიორის კონტრიბუციაც განსაკუთრებული ხაზგასმით კიდევ ერთხელ აღნიშნა და ისიც თქვა, რომ ალიანსი ქვეყნის მხარდაჭერას განაგრძობს.
გენერალურმა მდივანმა საქართველოს ნატოსთან დაახლოების საუკეთესო გზად ისევ რეფორმების განხორციელება დაასახელა.
იენს სტოლტენბერგმა ეს განმარტება ალიანსის მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ღონისძიებაზე, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრები მონაწილეობენ, საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელებიც ერთვებიან. შეხვედრა ხვალ გაიმართება. დღის წესრიგში შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული საკითხები და საქართველოსა და უკრაინის მიმართ ნატოს მხარდაჭერის განხილვაა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად ვარშავაში ჩავა და ღონისძიებაში ონლაინფორმატში იქიდან ჩაერთვება - ეს ნატოს თხოვნაა. სიტყვით გამოსვლისას დავით ზალკალიანი აქცენტებს რეგიონში არსებულ გამომწვევებზეც გააკეთებს და ალიანსის წევრებს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებაც მოუყვება. საგარეო საქმეთა მინისტრს მინისტერიალისგან არსებითი პაკეტის გაფართოების კონკრეტული მოლოდინი აქვს. პაკეტის, რომელიც 14 მიმართულებას მოიცავს და რომელიც ქვეყანას ალიანსმა 2014 წელს უელსის სამიტზე დაუმტკიცა.