17 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
მუქარა პოლიციელებზე და ბოდიში კვლავ მუქარის ტონით - დაეკისრება თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ოქრუაშვილის თანაპარტიელს

პოლიციელებზე მუქარისა და უცენზურო სიტყვების გამოყენებით ჩაწერილი ვიდეომიმართვის შემდეგ ასლან ვაშაყმაძემ მოგვიანებით კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრმა ძალადობისკენ მოწოდების გამო ბოდიში მოიხადა, ვაშაყმაძემ სავარაუდოდ ეს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საზოგადოებაში მის მოწოდებას მწვავე რეაქცია მოჰყვა. ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი აღიარებს, რომ პირველი მიმართვა ემოციურ ფონზე ჩაწერა, თუმცა მეორე ჩანაწერშიც კვლავ ისმის სამართალდამცველების მისამართით მუქარის ტონი.

ასლან ვაშაყმაძის მიმართვა, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რადგან არის მუქარა და ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოწოდება, თუმცა დაიწყება თუ არა გამოძიება, ჯერ უცნობია, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება. მანამდე კი, შესაძლოა, ვაშაყმაძეს პარტია დაატოვებინონ, გარიცხვის გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს. "გამარჯვებულ საქართველოში" თანაპარტიელის განცხადებებს ემიჯნებიან.

სანქციების დაწესებამდე, ასლან ვაშაყმაძე, ვერც ერთ აქციაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, ეს გადაწყვეტილება გაერთიანებულმა ოპოზიციამ აჭარაში მიიღო და პოლიციელების მიმართ მუქარა საჯაროდ დაგმო.

ეს არ იყო კონკრეტულად ერთი მოქალაქის პოზიცია - ასე აფასებენ ასლან ვაშაყმაძის მუქარას მმართველ გუნდში და ამბობენ რომ "გამარჯვებული საქართველოს" წევრმა სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიციაც გააჟღერა, რომელთა დღის წესრიგშიც პოლიციის დისკრედიტაციაა. უმრავლესობის წევრები ოპონენტების მხრიდან არაერთ მსგავს მოწოდებაზე ამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, რომელმაც მხარდამჭერებს სამართალდამცველების ოჯახებში მისვლისკენ არაერთხელ მოუწოდა.

მსგავს განცხადებებზე მმართველი გუნდის წევრები შესაბამის უწყებებს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ასლან ვაშაყმაძე მაღალმთიან აჭარაში "გამარჯვებული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატისთვის იბრძოდა. თანაპარტიელის მიმართვაზე განმარტება დღეს არც პარტიის ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს, გაუკეთებია.

დღის ამბები