"ლელოს" ოფისში ოპოზიციის დახურული კონსულტაციები დასრულდა. შეხვედრის შესახებ მედიისთვის წინასწარ ცნობილი არ იყო, თუმცა ლიდერები მესამე რაუნდისთვის ემზადებიან და არ არის გამორიცხული, რომ დღეს პოზიციების საბოლოო შეჯერება მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა და ოპოზიციამ მიმდინარე აქტუალურ თემებზე იმსჯელა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიცია ერთიანია:
"ფუნდამენტური საკითხების გარშემო არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თითოეული ოპოზიციური პარტია, ეს იქნება ის პარტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა და გადაალახინა ბარიერი, თუ ჩათვალა და არ გადაალახინა, ვართ ერთ პოზიციაზე, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა. ყველა ვთანხმდებით, რომ ახალი არჩევნების ალტერნატივად ვერ გამოდგება ვერც ერთი წინადადება, რომელიც ბევრ პარტიას შეიძლება ჰქონდეს, ამას ყველა ვაცნობიერებთ," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიციას ყოველდღიური რუტინული კომუნიკაცია აქვს და ეს შეხვედრაც ერთ-ერთი ასეთი იყო:
"ჩვენ გვაქვს რუტინული კომუნიკაცია ერთმანეთთან ყოველდღე და დღეს გვქონდა მორიგი შეხვედრა ყველა მიმდინარე საკითხზე, არანაირი კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა ამისთვის", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ამ შეხვედრაზე არ განიხილავს პარტია "გირჩის" ლიდერების მიერ გახმოვანებულ მოსაზრებას, რომ რეალური მართლმსაჯულების რეფორმის გარანტიის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა პარლამენტში შესვლაზე მსჯელობა.
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არის ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არა ძირითად საკითხთან მიმართებით:
"საკითხი ეხება იმ ბოიკოტს, რომელიც ოპოზიციამ გამოაცხადა, იმ მოლაპარაკებებს, გავცვალეთ აზრები, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ოპოზიცია არის ერთიანი ბოიკოტთან დაკავშირებით, სანამ არ შეიცვლება და არ მოხდება მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც არის იმ მოლაპარაკებებში, რაც მიმდინარეობს ელჩების დახმარებით. აზრთა სხვადასხვაობა არის ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არა ძირითად საკითხთან," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.