19 წლის კოვიდპაციენტის გარდაცვალებას, რომელიც დიაბეტის გამო რისკ-ჯგუფს წარმოადგენდა და კრიტიკულ მდგომარეობაში ჰოსპიტალიზაციამდე კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა, "ღამის კურიერის" ეთერში მმართველი პარტიის წევრი გიორგი კახიანი გამოეხმაურა. გიორგი კახიანის განცხადებით, მომხდარი შემთხვევა დიდი ტრაგედიაა, თუმცა ის არ ეთანხმება შეფასებას, რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ მუშაობს:
"ძალიან მძიმე შემთხვევაა და მე, პირველ რიგში, მინდა ვუთანაგრძნო ოჯახის წევრებს და ახლობლებს. მართლაც ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვლება.
რა თქმა უნდა, კითხვები ამ შემთხვევასთან მიმართებაში სრულიად ლეგიტიმურია, რატომ მოხდა ამ ახალგაზრდა ადამიანის კოვიდსასტუმროში გადაყვანა და არა კლინიკაში. რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შესაბამისი ჯგუფია შექმნილი, რომელიც ამ საკითხს იკვლევს.
ნუ ვიტყვით რომ სისტემა არ მუშაობს, ეს არ იქნება სწორი შეფასება, იმიტომ რომ სისტემა მუშაობს, შეიძლება გარკვეული ხარვეზები იყოს, ცალკეული შემთხვევები, სადღაც რაღაც პროტოკოლურ დარღვევას ქონდეს ადგილი, მაგრამ არასწორი შეფასებაა, როდესაც ვსაუბრობთ, რომ სისტემა არასწორად მუშაობს. ჯანდაცვის სისტემა ამ ეტაპზე უმკლავდება იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დავდექით, თუმცა რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ საზოგადოების მხრიდან სწორ მიდგომას, რომ დავიცვათ შესაბამისი რეკომენდაციები, რათა არ მოხდეს შემთხვევების გაზრდა, რის გამოც შეიძლება სისტემური პრობლემების წინაშე დავდგეთ," - განაცხადა გიორგი კახიანმა და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციები, კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად თავის შედეგს გამოიღებს.