მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტის დაკორექტირებული პროექტი პარლამენტში დააბრუნა. 2021 წელს თითქმის 18.4 მილიარდი ლარის ათვისება იგეგმება. აქედან 1.4 მილიარდი ანტიკრიზისული ეკონომიკური მხარდაჭერისთვის არის გათვალისწინებული. პროექტში ჩადებულია ასევე 1-ლი იანვრიდან პენსიების მომატება და სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის 100 ლარით ზრდა. დამატებით 60 მილიონია გამოყოფილი პოლიციისა და ჯარის გაზრდილი ხელფასებისთვის.
გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს საგარეო ვალი 5 მილიარდზე მეტით გაიზრდება. მთავარი ფინანსური დოკუმენტი წლის ბოლომდე დამტკიცებული უნდა იყოს.
"მიუხედავად პანდემიისა, რესურსების უდიდესი დანახარჯისა, რასაც პანდემიასთან ბრძოლა საჭიროებს, ჩვენ ვალდებულებები და დაპირებები შესრულებული გვაქვს და ასახულია ბიუჯეტის პროექტში," - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.