"გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თუ ხელისუფლება არ გადადგამს შემხვედრ ნაბიჯს, ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმი გაგრძელდება.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ნებისმიერი რამე, რაც შეიძლება გაიცვალოს ვადამდელ არჩევნებში, უნდა იყოს მისი თანაზომადი.
"ამ წუთში რეალობა არის ისეთი, რომ ჩვენ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, თუ ხელისუფლება არ გადადგამს რამე შემხვედრ ნაბიჯს, ეს ბოიკოტის რეჟიმი გაგრძელდება. თუ რაიმე ალტერნატიული წინადადება მოვიდა ხელისუფლების მხრიდან, მაშინ შეიძლება იყოს დისკუსიის საგანი ოპოზიციის შიგნით, მაგრამ ამ წუთში ასეთი რეალობა არ არის.
ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება გაიცვალოს ვადამდელ არჩევნებში, უნდა იყოს მისი თანაზომადი," - განაცხადა "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ კომპრომისი ორმხრივი უნდა იყოს. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებისგან კონკრეტულ წინადადებას ელოდება.
"რა შეხვედრაშიც ჩვენ ვმონაწილეობდით, მე და ლევან იოსელიანი, იქ ვინ გაბედავდა რომ რაღაცით დაგვმუქრებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ არჩევნებში იმიტომ ვმონაწილეობთ, რომ პარლამენტში შევსულიყავით. ჩვენთვის პარლამენტში შესვლა იყო მიზანი, რომ ხალხს რასაც დავპირდით, ის იდეები განგვეხორციელებინა. იმისთვის, რომ ჩვენ ბოიკოტი შევწყვიტოთ ჩვენი გულწრფელი ბოიკოტი სხვებისგან განსხვავებით ამისთვის კონკრეტული რაღაცებია საჭირო. ჯერ, რაც მათი მხრიდან ითქვა, არასაკმარისია. მოიტანონ და ვნახოთ. არ მინდა გავასწრო მოვლენებს, არ მინდა დავაქუცმაცო საკითხები, თვითონ მოიტანონ, ჩვენ დავფიქრდებით, რა თქმა უნდა.
კომპრომისი, ზოგადად, არის ორმხრივი, მოლაპარაკებებში დიდი გამოცდილება არ გვაქვს ჩვენ პარტიას, სულ ორი თვის რეგისტრირებულები ვართ, მაგრამ ჩვენ ასე გვესმის, რაღაცა უნდა დავთმოთ ჩვენ, რაღაცა უნდა დათმონ მათ. ჩვენ ცოტა გვაქვს დასათმობი, მათ ბევრი აქვთ, თუმცა ჩვენც ვართ კომპრომისისთვის მზად. ისე არ არის, რომ გავჯიქდეთ და რასაც ჩვენ ვითხოვთ 100%-ით შესრულდეს. გონივრული შეთავაზებები უნდა იყოს," - აღნიშნა პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, თუ რომელიმე პარტია გადაწყვეტს ინდივიდუალურად შესვლას პარლამენტში, ეს მისთვის პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იქნება.
"თუ რომელიმე პარტია გადაწყვეტს ინდივიდუალურად შესვლას პარლამენტში, ეს მისთვის პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იქნება, იმიტომ რომ ძალიან რთულია მერე შენს ამომრჩეველს აუხსნა, ამ პირობებში შენ მარტო რატომ გადაწყვიტე შესვლა პარლამენტში, როცა მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთ აზრზე არის. ასე რომ, ეს ყველას კარგად აქვს გათვიცნობიერებული და არც არავინ არ გეგმავს. ასე რომ ასეთი საუბრები პარტიებს შორის ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენი მთავარი მოთხოვნები ძალაშია," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ოპოზიციაში არ განიხილება პარლამენტში შესვლა. მისი თქმით, ოპოზიციაში განიხილება, თუ როგორ უნდა მოხდეს ხალხის ნების გამოხატვა.