"ქართული ოცნების" წევრი კახა კუჭავა ნატოს მინისტერიალზე, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
კახა კუჭავამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აქვე "ნაციონალური მოძრაობა" სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებით დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა.
მისი შეფასებით, "მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" თანმიმდევრულად ყალიბდება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში."
კუჭავამ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე საზოგადოებას მოუწოდა აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატონ.
"არ წყდება შეტევები ჩვენი მთავარი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორები მიმართ და ამას ახორციელებს პროდასავლურობას ამოფარებული მთავარი ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ძალა ქართულ პოლიტიკაში, ცხადია ჩვენ ვსაუბრობთ "ნაციონალურ მოძრაობაზე". მას შემდეგ, რაც ყოველ ჯერზე მარცხდება ქართველი ხალხის მიერ, არამხოლოდ სახელწიფო ინსტიტუტებზე მიაქვს იერიში, არამედ შეუნიღბავად ესხმის თავს ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებსაც. ჩვენ გვახსოვს მათი კრიმინალური წარსულის მქონე ლიდერების ღია თავდასხმები საერთაშორისო დამკვირვებლებზე, ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროსაბჭოს სტრასბურგის სასამართლოზე, ბევრი სხვადასხვა მაგალითი არსებობს მსგავსი ფაქტების გამოვლენის. ამ ტიპის განცხადებები ყოველ ჯერზე გვარწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" თანმიმდევრულად ყალიბდება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში.
ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩვენ მოვისმინეთ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ძალადობასა და კრიმინალში არაერთგზის მხილებული ნიკა მელიას განცხადებები, რომელმაც ტოლობის ნიშანი დასვა აშშ-სა და ოკუპანტ რუსეთს შორის და ანტიდასავლური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში დაესხა თავს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის საელჩოს და უშუალოდ ელჩს ქალბატონ დეგნანს, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის რეალიზაციაში, არის ჩვენი დამოუკიდებლობის მხურვალე მხარდამჭერი, რომელიც დღესაც ძალისხმევას არ იშურებს არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციის მიერ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში. საინტერესოა და კითხვა ჩნდება თუ რას უწუნებს "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ვითომ ევროპელი ლიდერები ამერიკის ელჩს და რა ტიპის ქმედებებში ითხოვენ მათ მხარდაჭერას.
ოფიციალურად გვსურს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთელ საქართველოს საზოგადოებას მოვუწოდო, გამოხატონ საკუთარი პოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვის უკიდურესად სახიფათო ფაქტებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ყველას თავი შეიკავონ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმისგან," - განაცხადა კახა კუჭავამ.
ამასთან, კუჭავას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ კონკურენტულ ორთაბრძოლაში დამარცხდნენ, მაგრამ კვლავ სიცრუითა და ძალადობით ცდილობენ შეცვალონ მათთვის არასახარბიელო რეალობა, რაშიც სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან მხარდაჭერას ითხოვენ.