რა წინადადებებით მისვლას აპირებს მმართველი პარტია ოპოზიციასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდზე, ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა კახა კუჭავამ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. კახა კუჭავას განცხადებით, არჩევნების განმეორებითი ჩატარება წითელი ხაზია და მმართველი გუნდი ამაზე დათანხმებას არ აპირებს, თუმცა არსებობს საკითხები, რომელზეც მოლაპარაკება შესაძლებელია:
"ჩვენი მხრიდანაც არის გარკვეული საკითხები, რომელზეც მათთან ერთად ვიმსჯელებთ და ნებისმიერ შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ მივაღწევთ ერთადერთი მიზანი ექნება, ეს ქვეყანა ვნახოთ კიდევ უფრო გაძლიერებული, კიდევ უფრო ჩამოყალიბებული დემოკრატიული სახელმწიფო და ზუსტად ეს არის მთავარი მიზანი, მათ შორის, ფასილიტატორების, რომ ისინი ვინც ამას ეწინააღმდეგება ისინიც დაარწმუნონ ამ ნაბიჯებში.
ყოველთვის არის გამოსავალი, ყოველთვის არის იმის საშუალება, რომ კონსენსუსი შედგეს, თუმცა ეს უნდა იყოს დაფუძნებული რეალურ საკითხებზე, ის რაც შესრულებადია და რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ ვამბობ, არის საკითხები, რომელსაც ჩვენ ნამდვილად ვერ გავითვალისწინებთ, თუმცა იქნება ისეთი საკითხები, რაზეც მიდის მსჯელობა, იქნება მესამე რაუნდიც და ადრე თუ გვიან ყველა ნახავს, თუ რა შეთავაზებები იყო, რაზეც შევთანხმდებით და ასე შემდეგ.
რაც იყო წინადადებები, იმის დამუშავება ხდება, ახალი არაფერი დაემატება, რა უნდა დაემატოს? ის, რაც დღემდე რჩება მათი მთავარი მოთხოვნა, განმეორებით არჩევნებზე, თუმცა ამ ბოლოს აღარ მესმის, ერთი-ორი პოლიტიკოსის გარდა -ეს არ იქნება, ეს ის წითელი ხაზია, რომელიც მათ იციან, რომ ნამდვილად ვერ იქნება განხილვის საგანი," - განაცხადა კახა კუჭავამ.