ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომას, სადაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღეს, ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სხდომა პროტესტის ნიშნად ოპოზიციის 4-მა წარმომადგენელმა დატოვა, იქამდე კი მათ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას სიტყვით მიმართეს.
დაპირისპირება მოყვა "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლის გამოსვლას, რომელსაც თამარ ჟვანიას მოადგილე პასუხობდა.
"ზუსტად ისე, როგორც 2016-ში, იმაზე უარესად გააყალბეთ 2020-ში. ის ადამიანები, ვინც დღეს გავალებთ, ბიძინა ივანიშვილი, ის თქვენ არ დაგიცავთ. ბევრს არ შეგაწყენთ, ნუ ნერვიულობთ, მოვრჩები ახლა. პირად შეურაცხყოფაზე არ გადმოვსულვარ და ნუ გადმოდიხართ, რას მემუქრებით. ნამუსი მე არ მაქვს?! გააყალბეთ ამხელა არჩევნები და კიდევ მე მეუბნებით? ვის კაცობაზე ლაპარაკობთ, გიშლიდი რომ ლაპარაკობდი? 2 წუთი ამომეწურა? რეგლამენტი დავარღვიე? აბა რა გინდათ, რას მეჩხირებით. დაჭერით არა, გამოძიებით გემუქრებით და ვინც დასაჭერია, ის დაიჭირონ,"-განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი მოძრაობის აქტივისტებმა პროტესტი სხდომის გარეთ, ცესკოს შენობასთან გამოხატეს. მოძრაობა "შეცვალეს" და "გაბედეს" წევრებმა საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან ფოტოები და თამარ ჟვანიას მანეკენი მიიტანეს. მათი განცხადებით, ამ ფორმით ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.