17 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, მივაღწიოთ პროგრესს - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ცდილობენ ისეთი გამოსავლის პოვნას, რაც პოლიტიკური მხარეების შეშფოთებებს უპასუხებს.

ჰარცელი რეალური პროგრესის შესაძლებლობებზე საუბრობს.

"ამ დროის განმავლობაში ვცდილობთ სხვადასხვა მხარესთან პროგრესს მივაღწიოთ. დრო იწურება. ვცდილობთ დისკუსიებმა საბოლოო შედეგის სახე მიიღოს და ვიპოვოთ გამოსავალი, რომელი უპასუხებს პარტიების შეშფოთებებს. 

ვხედავ რეალურ შესაძლებლობას, მივაღწიოთ პროგრესს. ჩვენ როგორც ფასილიტატორები, პოლიტიკური პარტიების ხელში ვართ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ვნახოთ, რა შედეგებამდე მივალთ," - განაცხადა ჰარცელმა.

შიდა პარტიული კონსულტაციების პარალელურად, ოპოზიცია ელჩებთან გაფართოებული ფორმატით შეხვედრისთვის ემზადება. სავარაუდოდ, დღეს გაიმართება კონსულტაციები, რომელიც იქნება მოსამზადებელი მოახლოებული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ.

პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივნის, ლევან იოსელიანის თქმით, ოპოზიციამ საბოლოოდ შეაჯერა პოზიციები, რასაც ფასილიტატორ ელჩებს გააცნობენ.

"შევთანხმდით კონკრეტულ წინადადებებზე, რაც პრინციპში არ განსხვავდება ჩვენი თავდაპირველი მოთხოვნებისგან პრინციპულად არაფრით, უბრალოდ უფრო დაკონკრეტებულია და დაწურულია და ამით ვაპირებთ მისვლას. რეალურად უფრო ჩვენ ველოდებით "ქართული ოცნების" მხრიდან წინადადებას. ჩვენი მოთხოვნები მათთვის ცნობილია, მთავარია ისინი რითი მოვლენ ამ შეხვედრაზე," - განაცხადა იოსელიანმა.

დღის ამბები