17 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
"ელჩებთან ჩვენი კონკრეტული წინადადებებით მივალთ, რაღაც კომპონენტები დაემატა ჩვენს წინადადებებს" - ზაალ უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობა"ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება. პარტიის ლიდერებმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მას შემდეგ, რაც პარტიის პოლიტიკურმა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა.

შეხვედრა დაანონსებული არ ყოფილა და მისი დეტალები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თითქმის ორ საათიანი მსჯელობის შემდეგ, პარტიის წევრებმა "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი დატოვეს. 

"გაყალბებული არჩევნების შემდეგ თუ ნაციონალური მოძრაობის ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავს პარლამენტში შესვლას, არის "ქართული ოცნების" ოცნება. თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, რაც გვესახება ერთადერთ გამოსავლად პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. "ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება ფასადური დემოკრატიისთვის ხელშემწყობი პარტია,"-განაცხადა ნიკა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ელჩებთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ამ შეხვედრაზე კონკრეტული წინადადებით მივა. 

"რაც შეეხება ელჩებთან შეხვედრას, ბუნებრივია, ჩვენ დღეს მივალთ ჩვენი კონკრეტული წინადადებებით. რაღაც კომპონენტები დაემატა ჩვენს წინადადებებს, მე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, სანამ არ დასრულდება ეს შეხვედრა. ეს იქნება ჩვენი წინადადება, რომელიც უნდა გადაეცეს ხელისუფლებას და შემდეგ დაველოდებით ხელისუფლების პასუხს,"-განაცხად ზაალ უდუმაშვილმა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული წინადადება ხელისუფლებას მოლაპარაკების სივრცეს მისცემს. 

"ვფიქრობ, რომ არის ძალიან კარგი, სამართლიანი, პოლიტიკურად გამართული, სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოტივირებული წინადადება, ის, რაც ოპოზიციას აქვს მომზადებული. "ქართულ ოცნებას" თუ სურს, რომ ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან, ჩვენ ამ წინადადებით მათ ვაძლევთ სივრცეს მოლაპარაკებისთვის და შეთანხმებისთვის,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები