17 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
უთანხმოება "გირჩში" - პარტიის დათმობას არავინ აპირებს

"გირჩის" დამფუძნებელმა ტელეკამერებთან გაიმეორა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან თანამშრომლობა დაასრულა. მისივე მტკიცებით, მიზეზი მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არ ყოფილა. მას დღეს არ დაუკონკრეტებია, რა პირობები შესთავაზა მათ თანამშრომლობის გასაგრძელებლად, მაგრამ აღიარა, რომ ახლა უკვე ყოფილი თანამოაზრეებისგან უარი მიიღო.  

პარტიის დატოვებასა და დათმობას არ განიხილავენ ჯაფარიძის გუნდის გარიყული წევრები, მაგრამ აღიარებენ, რომ ლიდერის გადაწყვეტილებას კონფლიქტი უძღვოდა წინ. ყველაფერი 2 დღის წინ დაიწყო, როდესაც ჯაფარიძემ თანაგუნდელებს დახურულ ჩათში მიწერა, რომ მათ გარკვეულ საკითხებზე საჯაროდ აღარ უნდა ესაუბრათ. "გირჩის" წევრები ამბობენ, რომ ყველაფერი ხუმრობა ეგონათ, თუმცა მოგვიანებით, როგორც ცენზურის დაწესება, ისე აღიქვეს. მომდევნო ორი დღე ისინი თანაგუნდელს შეხვედრას სთხოვდნენ, ჯაფარიძემ 15 ათას წევრიან ფეისბუქ დახურულ ჯგუფში გადაწყვეტილება ისე გააჟღერა, პარტნიორებთან კომუნიკაცია არ შემდგარა.

ვახო მეგრელიშვილსა და იაგო ხვიჩიას მიაჩნიათ, რომ ჯაფარიძე თანაგუნდელებს ულტიმატუმის ენით ესაუბრებოდა. მათ დღეს არ დაუმალავთ, რომ პარტიის ლიდერის განცხადებას წინ, შიდა უთანხმოება უძღვოდა. მას დაძაბული ურთიერთობა წლების განმავლობაში ვახო მეგრელიშვილთან ჰქონდა. მხარეებმა კატეგორიულად გამორიცხეს, რომ გადაწყვეტილება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდებოდეს, რომელიც პარლამენტში შესვლის საკითხს ეხება, რადგან აქ მათი პოზიცია ერთიანია. ასევე უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჯაფარიძე იაგო ხვიჩიას 4 დღის წინ დაწერილმა ფეისბუქ პოსტმა გააღიზიანა, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიის ბრალდებით დაკავებულ პირს ამართლებდა.

ვის ეკუთვნის "გირჩი" და ვის შეუძლია ამ სახელის ქვეშ პოლიტიკური მოღვაწეობა განაგრძოს? ერთი სამის წინააღმდეგ - პარტიის დათმობას არავინ აპირებს. "კურიერმა" გაარკვია, რომ პარტიის სახელი და სასაქონლო ნიშანი ”გირჩი” საქპატენტის მიერ ამ დრომდე რეგისტრირებული არ არის. 

დღის განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურა ჯაფარიძე კონსულტაციებს მართავს პოლიტიკურ პარტია "მოქალაქეებთან", ალეკო ელისაშვილის გუნდში კი მომავალი თანამშრომლობა გამორიცხეს. 

დღის ამბები