17 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე ე.წ. ხუთეულმა და საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები მიიღო

ეუთოს 27-ე მინისტერიალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა. მინისტერიალის ფარგლებში ე.წ. ხუთეულის განცხადება მიიღეს. დასკვნითი დოკუმენტში საუბარია კონფლიქტზე და გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მდგომარეობა მძიმეა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების კუთხით.

გამოხატულია მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ. ორგანიზაციის მოქმედი, ყოფილი და მომავალი თავმჯდომარეები გამოთქვამენ მზადყოფნას განაგრძონ ამ ფორმატში ეუთოს წამყვანი როლის შესრულება.

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი მკაფიო ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე ვალდებულება უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ "პროგრამის" დამტკიცებას, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯს.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის ფედერაციისა და სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების მხრიდან მომდინარე პროვოკაციებით, რომლებიც COVID-19 პანდემიის ფონზეც კვლავინდებურად გრძელდება. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟებისა და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი დახურვის გამო. ამ ქმედებებმა გამოიწვია ადგილზე სიტუაციის დესტაბილიზაცია და ნეგატიურად აისახა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში, განსაკუთრებით ახალგორსა და გალში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, დაცულობაზე, კეთილდღეობასა და ჰუმანიტარულ პირობებზე," - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე მინისტერიალის ფარგლებში ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ) მიიღო საქართველოს მხარდამჭერი განცხადება.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას: "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ," რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და დაშორიშორებულ თემებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობას. ჩვენ მივესალმებით პროგრამის ფარგლებში მიღწეულ პირველ წარმატებებს, მათ შორის მისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და "საწარმო უკეთესი მომავლისთვის" საგრანტო პროგრამის დაწყებას, რამაც უკვე გამოიწვია ინტერესი და საზოგადოების ჩართულობა ადმინისტრაციული საზღვრის ყველა მხარეს. ჩვენ ასევე მივესალმებით სამშვიდობო ფონდის შექმნას უკეთესი მომავლისთვის და მხარს დავუჭერთ მის შემდგომ განხორციელებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს განაგრძონ მუშაობა ეუთოსთან და სხვა მრავალმხრივ ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყონ ადგილზე ნდობის განმტკიცების ზომების განხორციელებას.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს განაგრძოს მუდმივმოქმედი საბჭოს ინფორმირება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების შემდგომი გაღრმავების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთოს ჩართულობას. ვწუხვართ 2009 წელს საქართველოში ეუთოს მისიის დახურვის გამო და მოვუწოდებთ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს მიიღონ გადაწყვეტილება აღდგეს საქართველოში ეუთო-ს მრავალგანზომილებიანი მისია, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობაც ექნება და ადმინისტრაციული-სასაზღვრო ხაზის გასწვრივ შეუფერხებლად იფუნქციონირებს. მისიის აღდგენა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ეუთოს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში, ასევე ნდობის განმტკიცების ღონისძიებათა განხორციელებაში," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები