საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ქვეყნის მხარდამჭერი განცხადების მიღებას ეხმაურება.
როგორც საგარეო უწყების მინისტრი აცხადებს, მსგავსი მხარდაჭერა ბოლო პერიოდში მინისტერიალის ფარგლებში არ ყოფილა მიღებული და ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა ქვეყნისთვის.
"მსგავსი განცხადება არასდროს არ ყოფილა მიღებული ეუთოს ბოლო პერიოდის მინისტერიალების ფარგლებში, რადგანაც როგორც ცნობილია რუსეთი მუდმივად ბლოკავს საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვებს. ჩვენმა დიპლომატიამ მოიპოვა საერთაშორისო თანამეგობრობის, კერძოდ, ეუთოს მინისტერიალის მხარდაჭერა და მკაფიო შეფასებები იმ უკანონო პროცესებთან დაკავშირებით, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს.
ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახლა შესაძლებლობებს იმისთვის რომ გამოვიყენოთ ახალი ფორმატები და შესაძლებლობები, რათა იყოს მყისიერი შეფასება იმ ქმედებებთან მიმართებაში, რაც მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
"ევროპული საქართველოს" წევრის გიგი წერეთლის თქმით კი, მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პროცესში საქართველოს ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერა ჰქონდეს. მისი თქმით, ეს არის სწორედ ის დიპლომატიური ბრძოლა, რაც ამჯერად იმართება. წერეთლის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განცხადებებთან ერთად იქნას სერიოზული ნაბიჯები გადადგმული ცალკეული ქვეყნების ლიდერების მხრიდან, რომ მოხდეს უფრო მეტი ზეწოლა რუსეთის მიმართ.
ეუთოს 27-ე მინისტერიალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა. მინისტერიალის ფარგლებში ე.წ. ხუთეულის განცხადება მიიღეს. დასკვნითი დოკუმენტში საუბარია კონფლიქტზე და გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.