22 დეკემბერი 2024,   22:38
ვრცლად
"მოლაპარაკებების ვადები ამოიწურა, მაგის რესურსი აღარ არსებობს" - ზურაბ ჯაფარიძე "გირჩის" სახელს და FB გვერდს ითხოვს

"გირჩის" ლიდერი პარტიის ერთიანობის შენარჩუნების შესაძლებლობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებისთვის დრო და რესურსი უკვე აღარ არსებობს. როგორ მოხდება "გირჩის" რესურსების გადანაწილება, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამაზე გადაწყვეტილება "გირჩის" წევრებმა უნდა მიიღონ. თავად ზურაბ ჯაფარიძე და მისი თანამოაზრეები მხოლოდ გირჩის სახელს და ფეისბუკგვერდს ითხოვენ:

"შეთავაზება არის, რომ ის ადამიანები, ვინც ჩემს უკან დგანან და ასეთი არის ძალიან ბევრი, ვინც მათ შორის "გირჩს" მოჰყვებიან პირველივე დღიდან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამართლიანი იქნება მინიმუმ ჩვენს მხარეს დარჩეს "გირჩის", როგორც ბრენდის სახელი, იმიტომ, რომ ჩვენი შექმნილია და მეორე - ეს არის "გირჩის" ფეისბუკგვერდი. დანარჩენი სხვა რესურსები, რომელიც ბევრია "გირჩში", შეიძლება დარჩეს იმ ადამიანებს. ერთად დარჩენას გამოვრიცხავ, მოლაპარაკებების ვადები და რაღაცები ამოიწურა, მაგის რესურსი აღარ არსებობს," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კითხვაზე, თუ "გირჩიდან" წასვლას არცერთი მხარე არ დათანხმდა, როგორ განვითარდება მოვლენები, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას თუ ვინ წავა და ვინ დარჩება, მიიღებენ "გირჩის" წევრები:

"ეგრე ვერ დასრულდება ეგ ამბავი, პროცედურა რა იქნება, მაგას ვნახავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაგ გადაწყვეტილებას მე არ მივიღებ და ვერც ისინი, მაგის უფლებამოსილება არც მე და არც იმათ არ აქვთ, საბოლოო ჯამში მაგას გადაწყვეტს ის ხალხი, ვინც არის "გირჩში", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები