17 ნოემბერი 2024,   15:03
ვრცლად
ჩვენ სახელი უნდა შევცვალოთ, თვითონ ახალ პარტიას ქმნის და "გირჩი" უნდა დაარქვას, თუ პირიქით? - რაქვიაშვილისთვის ჯაფარიძის მოთხოვნა გაუგებარია

"გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის გაუგებარია, რას გულისხმობს ზურაბ ჯაფარიძე მოთხოვნაში, რომ სახელი "გირჩი" მას და მის თანამოაზრეებს უნდა დარჩეთ, თუმცა რაქვიაშვილის თქმით, შეთამხმების მიღწევა მოლაპარაკების გზით შესაძლებელია. ალექსანდრე რაქვიაშვილი ერთერთია იმ 3 ადამიანისგან, ვისთან თანამშრომლობაზეც "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე უარს აცხადებს.

"მე არ ვიცი, რას გულისხმობს ზურა, რომ პარტია რჩება, ჩვენ სახელი უნდა შევცვალოთ, თვითონ ახალ პარტიას ქმნის და "გირჩი" უნდა დაარქვას, თუ პირიქით ჩვენ უნდა წავიდეთ და პარტია დარჩეს?

არაფერი არაა ისეთი, რაზეც არ შეიძლება შეთანხმდე, ადამიანს ხომ არ დააძალებ რომ პოლიტიკოსი იყოს, ან ვიღაც პარტიაში იყოს? მე მგონია, რომ 4 ზრდასრული ადამიანი თუ დასხდება და ილაპარაკებს, რაღაცაზე შეთანხმდებიან," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ "გირჩის" ლიდერმა და პარტიული სიის პირველმა ნომერმა ზურაბ ჯაფარიძემ გამოაქვეყნა ფეისბუკპოსტი, სადაც ის ამბობდა, რომ ის პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან. კონკრეტული მიზეზი არცერთ მხარეს არ დაუსახელებია, თუმცა ორივე მხარე აცხადებს, რომ ეს პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს არ უკავშირდება.

დღის ამბები