17 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია "გირჩის" დაპირისპირებულ მხარეებს შუამავლობას სთავაზობენ - რა პასუხი აქვს შეთავაზებაზე ზურაბ ჯაფარიძეს

"გირჩის" ბორდის წევრები ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია დაპირისპირებულ მხარეებს შუამავლობას სთავაზობენ. როგორც დღეს გირჩის შიდა ჯგუფში ონლაინდისკუსიის დროს განაცხადეს, ისინი მზად არიან გარდამავალ პერიოდში საკუთარ თავზე აიღონ ცენტრალური ოფისის მართვა და შექმნან ისეთი სიტუაცია, რომ ვისაც ერთმანეთთან მუშაობა არ სურს, შეხებაც არ ექნება, თუმცა ყველა მხარე იქნება "გირჩში" და გამოიყენებს ცენტრალურ ოფისსაც და პორტალსაც.

ჰერმან საბოს განცხადებით, გარე საქმეებზე, ისეთზე, როგორიცაა სახელმწიფო მოწყობა თუ სხვა პოლიტიკური საკითხები დაპირისპირებულ ოთხეულს ისედაც ერთი აზრი აქვს და შიდა საქმეებზე აზრთა სხვადასხვაობის განეიტრალებას ის და ლევან ჯგერენაია აიღებენ საკუთარ თავზე, რათა "ყველა თავისთვის იყოს და არც "გირჩსდაუშავდეს რამე".

ფეისბუკლაივს მისი მიმდინარეობისას გამოეხმაურა ზურაბ ჯაფარიძეც. მისი თქმით, ის უარს ამბობს შეთავაზებაზე და არანაირი საერთო ქოლგის ქვეშ არ აპირებს დაპირისპირებულ სამეულთან ერთად "გირჩის" კეთებას.

შეგახსენებთ, გუშინ "გირჩის" ლიდერმა და პარტიული სიის პირველმა ნომერმა ზურაბ ჯაფარიძემ გამოაქვეყნა ფეისბუკპოსტი, სადაც ის ამბობდა, რომ ის პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან. კონკრეტული მიზეზი არც ერთ მხარეს არ დაუსახელებია, თუმცა ორივე მხარე აცხადებს, რომ ეს პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს არ უკავშირდება.

დღის ამბები