გირჩის ლიდერმა და მთავარმა სახემ ზურაბ ჯაფარიძემ ჯერ პარტიის მხარდამჭერების შიდა ჯგუფში, შემდეგ კი "კურიერთან" ინტერვიუში პარტიის ერთიანობის შენარჩუნების შესაძლობლობა კატეგორიულად გამორიცხა. ზურა ჯაფარიძე ამჯერად უთანხმოების მიზეზების გარჩევას არცერთ ფორმატში აღარ გეგმავს და მთავარ საკითხად იმას აყენებს, თუ როგორ უნდა მოხდეს გაყრა. მატერიალური, არამატერიალური თუ ვირტუალური რესურსების გადანაწილების მიმართულებით ჯაფარიძის გუნდს მხოლოდ ორი მოთხოვნა აქვს - "გირჩის" სახელი და ფეისბუკგვერდი.
ჯაფარიძე ირწმუნება, რომ ვიდრე განცხადებებს საჯაროდ გააკეთებდა, იგივე მოთხოვნები და ცივილური დაშლის წინადადება იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და ალექსანდრე რაქვიაშვილს პირადად გააცნო. საპასუხოდ კი სუსის აგენტობის ბრალდება, "დაოკებისკენ" მოწოდება, ბოლოს კი მუქარა მიიღო. "გირჩის" ლიდერები, რომლებზეც ჯაფარიძე საუბრობს დღეს დეტალების საჯაროდ განხილვაზე უარს ამბობენ, თუმცა იაგო ხვიჩიამ ღიად მხოლოდ მუქარის შესახებ განცხადებები გამორიცხა.
"გირჩის" კიდევ ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა "კურიერს" დაუდასტურა, რომ შიდა უთანხმოების საკითხების განხილვა დღეს საღამოს ონლაინ, პარტიის ჯგუფში მოხდება, რომელიც დაახლოებით 16 000 მხარდამჭერს აერთიანებს. ამასთან ის მიიჩნევს, რომ განხეთქილების თავიდან არიდება კვლავ შესაძლებელია, თუ ლიდერები, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე დიალოგს შეძლებენ.
"გირჩის" ლიდერების და დამფუძნებლების შემადგენლობაში ურთიერთობის რესურსი რომ ამოწურულია ეს გუშინ "ღამის კურიერის" ეთერში გამართული მწვავე დისკუსიით პირველად და აშკარად გამოჩნდა.
პარტიის მხარდამჭერები, რომლებსაც შიდა სტრუქტურის მიხედვით ინდივიდუალური პოზიციის დაფიქსირების უფლება აქვთ ახლა პოზიციებში გარკვევას და არგუმენტების გაცვლას ცდილობენ, რის შემდეგაც გადაწყვეტენ ვინ რომელ პოლუსზე დარჩება. ასევე ახლო მომავალში უნდა გადაწყდეს, ვინ რა სახელით, რა ფორმით და შემადგენლობით განაგრძობს საქმიანობას. თუ ზურა ჯაფარიძის მოთხოვნებს აქტივისტების მხარდაჭერა არ ექნება, ის ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ყველაფრის დათმობისა და ნულიდან დაწყებისთვისაც მზად არის.