ეუთოს თავმჯდომარეების ე.წ. ხუთეულის ერთობლივი პოზიცია ცნობილია. ამჯერად დისტანციურად მიმდინარე ეუთოს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში გამოქვეყნებულ საბოლოო დოკუმენტში სლოვაკეთის, ალბანეთის, შვედეთის, პოლონეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის საერთო პოზიციაა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ორგანიზაციის მტკიცე მხარდაჭერა აქვს.
ტექსტში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ამ მხრივ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელების აუცილებლობაზე, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა მოხერხდეს. ამ პროცესში კი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, გაეროსთან და ევროკავშირთან ერთად მუშაობის მზადყოფნას გამოთქვამს.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ხაზს ვუსვამთ ჩვენს შეშფოთებას ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში სიტუაციის გაუარესების გამო.
გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისამდი, ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ფასილიტაციისადმი.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მთავარი საერთაშორისო პლატფორმაა ამ მიმართულებით და ეუთო მზად არის, განაგრძოს ამ ფორმატის ხელმძღვანელობა, ევროკავშირსა და გაერო-სთან ერთად“- ნათქვამია განცხადებაში.