ვის დარჩება "გირჩი" -პარტიაში დაპირისპირება გრძელდება. ლიდერები ისევ აცხადებენ, რომ გუნდში მომხდარი დაპირისპირება არ უკავშირდება პარლამენტში შესვლის საკითხზე განსხვავებულ პოზიციებს. მხარდამჭერებს ონლაინრეჟიმში შეხვდა ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელმაც თქვა, რომ ზურა ჯაფარიძესთან უთანხმოება მანამდეც ჰქონდა.
ზურა ჯაფარიძემ უკვე დააყენა ინიციატივა, რომ გირჩის გაყოფა შესაძლებელია და თავად მას მხოლოდ სახელი და ფეისბუქგვერდი უნდა.
"გირჩის" მმართველი საბჭოს წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ სანამ ზურა ჯაფარიძე ფეისბუკპოსტს დაწერდა, რომ პარტიის 3 წევრთან ერთად აღარ აპირებდა „გირჩის“ კეთებას, მანამდეც ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ზურა ჯაფარიძის მხრიდან არაერთხელ მოისმინა მოწოდება და მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ მას პარტია უნდა დაეტოვებინა.
ასეთ ერთ-ერთ შემთხვევად ვახტანგ მეგრელიშვილი 2018 წლის კონკრეტულ ეპიზოდს ასახელებს, როდესაც მისი თქმით, მას ჯაფარიძემ უთხრა, რომ უნდა დაეტოვებინა პარტია და მოღვაწეობა „გირჩის“ სკოლაში უნდა გაეგრძელებინა.
რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს და პროცესებს, რომელიც ამ პერიოდში პარტიაში ვითარდებოდა, მეგრელიშვილის თქმით, ის იბლოკებოდა და პარტიის სახელით სატელევიზიო დისკუსიებში მონაწილეობას ვერ იღებდა, თუმცა, მისივე თქმით, არც არასდროს არავის აუხსნია, თუ რატომ ხდებოდა ასე.
"ისევ იმავეს იძახის, რასაც ამ წლების განმავლობაში, არ დაველაპარაკებიო, სხვა რამეს კი არ იძახის. რამე პრეტენზია კი არა მაქვს კაცო, თავში კი არ ჩაურტყამს, ერთი-ორჯერ მითხრა, წადი "გირჩიდანო“, დიდი ამბავი. არაფერი ჩემთვის არ დაუშავებია განსაკუთრებული, ზურა ჯაფარიძეს. პირიქით, შეიძლება ვფიქრობდე, რომ ამ წლების განმავლობაში რაც ზურა ჯაფარიძემ გააკეთა, მაინც მაწყობს ჩემი საქმისთვის, ჩემი იდეისთვის, ვიდრე ის, რომ ამდენი ხანი ნერვებს მიშლიდა. არანაირი პრობლემა არაა, ბარტერი მაქვს ეგეთი.
ზურა ჯაფარიძე კიდევ მინდა, რომ "გირჩში“ იყოს რაღაცა ფორმით, არ ვიცი, მოსაფიქრებელი მაქვს, "გირჩი“ საერთოდ რა არის, თავიდან გვაქვს გასააზრებელი.
"გირჩის“ ლიდერს თავში აზრად რომ მოუვა, რომ „გირჩი“ მომეცითო, ძალიან დიდი პრობლემაა, ჩემი აზრით. სერიოზულად დასაფიქრებელია, სად ვართ," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.