19 აპრილი 2024,   05:11
ვრცლად
დაძაბული პოლიტიკური პროცესები და წითელი ხაზები - დაპირისპირებული მხარეების განცხადებები დიალოგის მესამე რაუნდამდე  

დიალოგის მესამე რაუნდამდე, კვლავ განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ  მთავარი საკითხი, რაზეც მხარეებს შორის შეთანხმება უნდა შედგეს, ხელახალი არჩევნებია.

როგორც ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, ამოსავალი წერტილი ხელახალი არჩევნებია, რომელზე შეთანხმების გარეშეც, დანარჩენ საკითხებზე მსჯელობას აზრი არ აქვს.

"მთავარი საკითხი, რაზეც შეთანხმება უნდა შედგეს, ეს არის ახალი არჩევნები. რომლის ფორმები, დეტალები და ა.შ. შეიძლება იყოს მოლაპარაკებული. დანარჩენი საკითხები ასევე მნიშვნელოვანია, ოღონდ არჩევნების გარეშე ბუნებრივია არანაირ დანარჩენ საკითხზე შეთანხმება უბრალოდ არ შედგება. ეს არის მოცემულობა. ამიტომ, ჩვენი მოლოდინი ისევ მესამე რაუნდზეა, რომელსაც ველით რომ უკვე მალე იქნება, სავარაუდოდ, ხვალ-ზეგ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის არჩევნების ჩატარება და ისე ჩატარება, რომ ის გაყალბება, ის ინსტრუმენტები, რომლებიც გამოყენებული იქნა, ახლა აღარ იყოს ხელმისაწვდომი ხელისუფლებისთვის,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრი, მიხეილ სარჯველაძე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდება, თუმცა ეს არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას არ გულისხმობს და ამომრჩევლის ნების გადახედვა არ იგეგმება. 

"ძალიან სასურველი იქნებოდა რომ მოლაპარაკება დამთავრდეს შედეგიანად, თუმცა ეს შედეგი არ გულისხმობს იმას რომ იქ სადაც წითელი ხაზი უნდა გაივლოს რაც გულისხმობს ხელმეორედ ამომრჩევლის ნების გარკვევას, ვფიქრობთ, რომ ეს წარმოუდგენელია რომ ამაზე გადიოდეს შეთანხმების ხაზი. მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ვიპოვოთ ისეთი თემები, რასთან დაკავშირებითაც შეგვეძლება რომ საერთო კონსენსუსი ვნახოთ. აქა იქ გაიჟღერა კიდეც ოპონენტების მხრიდან გარკვეულმა თემებმა, რომელიც შეიძლება განსახილველი იყოს. კონკრეტულად რა იქნება, ესეთი თემები გამიჭირდება ამის თქმა, ახლა არ არის ამისთვის დრო, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოხერხდება,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები