"გირჩში" დაპირისპირება გრძელდება - ლიდერების შემდეგ, ამჯერად, განცხადებებს სოციალურ ქსელში პარტიის თანამშრომლები და წევრები წერენ. რამდენიმე სტატუსში, რომელიც ეკუთვნის "გირჩის" პრესსამსახურის უფროსს და ერთ-ერთ წევრს, ისინი ზურაბ ჯაფარიძეს უჭერენ მხარს და აღნიშნავენ, რომ მასთან დაპირისპირებული ლიდერები ერთპიროვნულად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რაც მიუღებელი იყო.
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი თეკლა დალაქიშვილი ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას, საუბარია "გირჩის" 3 წევრთან პარტიული თანამშრომლობის შეწყვეტაზე, ბევრი მიზეზი ჰქონდა. როგორც თეკლა დალაქიშვილი "კურიერთან" აცხადებს, მათ სხვადასხვა საკითხში განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. ის აღნიშნავს, რომ თანამშრომლებს გარკვეული პრობლემები საჯარო პოსტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებითაც ჰქონდათ.
"ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვიტა, რომ წყვეტს პარტიულ თანამშრომლობას იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან. ამის მიზეზი იყო ძალიან ბევრი, ჰქონდათ განსხვავებული პოზიციები სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის - ამომრჩეველთან ურთიერთობაზე. ზურას ჰქონდა რაღაც განცდა, რომ ზევიდან უყურებდნენ ამომრჩეველს იაგო და ვახო. ზოგადად, "სტაფის" წევრებს ჰქონდათ გარკვეული პრობლემები ლიდერშიპთან, პოსტების დაწერასთან დაკავშირებით, საჯარო პოსტებიც იყო. ჩვენი პირველი ქალი პოლიტიკოსი ვინც გვყავს ანა ჩიქოვანი ამბობს, რომ დემოტივირებულად გრძნობდა თავს ამ ადამიანებთან მუშაობით," - განაცხადა თეკლა დალაქიშვილმა.
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრი ამბობს, რომ პარტიის რამდენიმე ლიდერს ყოველთვის გააჩნდა პარტიის უზურპირების სურვილი.
"პარტიის რამდენიმე ლიდერს ყოველთვის ჰქონდა შინაგანი ბუნება და სურვილი, რომ ამ პარტიის უზურპირება მოეხდინა. იყო პარტიაში რაღაც პროცედურები, მექანიზმები აწყობილი, რომელშიც უნდა ჩართულიყვნენ გარედან უფრო მეტად ადამიანები, მაგრამ ბოლო ხანებში იგრძნობოდა ტენდენცია, რომ ეს პირიქით მოხდა და მათ შორის ის პროცედურები, რა პროცედურებიც იყო დაგეგმილი, დაირღვა. მივიღეთ პარტიის სია, პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი, მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და ერთი ადამიანი იაგო ხვიჩია, რაც არ იყო ჩაფიქრებული ასე. პირიქით, სისტემა იმიტომ შეიქმნა, რომ გარედან მეტი ადამიანის ჩართვა მომხდარიყო.
ზოგადად, ფონი ის იყო, რომ ნელ-ნელა პარტიული ორგანიზაცია დაკონსერვდა, ჩემი აზრით, აღარ ხდებოდა ცირკულირება. პარტიასთან ახლოს ძალიან ბევრი ადამიანი იყო და ისეთი წევრების ჯგუფი სხვა არც ერთ პარტიას არ ჰყავს, როგორ "გირჩს" ჰქონდა. მაგრამ თვითონ "გირჩის" შიგნით პოლიტიკოსთა ჩამოყალიბების პროცესი გახდა სულ უფრო რთული და რთული," – აცხადებს ცოტნე კობერიძე.