დიალოგის მორიგი რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება - ინფორმაციას მედიას ოპოზიციური პარტიების ლიდერები უდასტურებენ. დღეს ამ შეხვედრამდე იყო ბოლო დახურული კონსულტაციები პარტიებს შორის. ითქვა, რომ ოპოზიციამ მოახერხა ერთ პოზიციაზე შეჯერება, თუმცა ასევე გაკეთდა განცხადება, რომ იყო განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის პლებისციტზე და რიგგარეშე არჩევნების თემაზე. პარტიების ნაწილი საუბრობს კონსენსუსის შესაძლებლობაზე ორივე მხრიდან.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ მალე მორიგი შეხვედრაც შედგება, სადაც ბევრი ძირითადი საკითხი გადაწყდება. ნიკა მელია ზუსტ თარიღს არ ასახელებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.
"მალე შედგება უკვე მორიგი შეხვედრა, სადაც ძირითადად უკვე გადაწყდება ბევრი რამ. ვაპირებთ დავძლიოთ პოლიტიკური კრიზისი თუ არ ვაპირებთ? აპირებს ხელისუფლება, რომ აღიაროს, რომ მან შექმნა პოლიტიკური კრიზისი? ახლა საჭიროა კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება და დათმობაზე წამოსვლა, თუ ყველა - ჩვენ, თქვენ და ხალხი გავიგებთ, რომ ხელისუფლებას კვლავ ეშინია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ამ ქვეყანაში. უახლოეს პერიოდში - ეს შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ, გადაწყდება ძალიან ბევრი რამ," - აცხადებს ნიკა მელია.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციის ამოცანა ქვეყანაში არსებული კრიზისის განსამუხტად პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაშია. ბადრი ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ "ქართულ ოცნებასა" და სხვა პარტიებს შორის შეთანხმება შედგება, რისთვისაც ნაბიჯები ორივე მხარემ ერთმანეთის მიმართულებით უნდა გადადგას.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციამ სხვადასხვა საკითხზე იმსჯელა, თუმცა აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებასთან" შემდგომი შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია გარკვეულ საკითხებზე ღიად საუბარს შეძლებს.
"რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა ვერსია, ამდენი პოლიტიკური პარტია ვართ და ყველა ერთ აზრზე არ არის ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ საერთო სტრატეგიაში ჩვენ ერთიანები ვართ. იყო პლებისციტთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები, იყო რიგგარეშე არჩევნების სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით მოსაზრებები, მაგრამ ყველა ამ საკითხზე ჩვენი პოზიციაა, რომ შემდგომი "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრის შემდეგ ჩვენ შევძლებთ უკვე საჯარო სივრცეში უფრო ღიად საუბარს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა ამბობს, რომ ყველა საკითხზე შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა იმ შემთხვევაში, თუ პოზიციები რიგგარეშე არჩევნების ირგვლივ შეჯერდება.
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიცია მოლაპარაკებების მესამე ტურს ელოდება, სადაც ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან შეჯერებულ პოზიციას წარადგენენ.