"საქართველომ და უკრაინამ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღონ" - ამის თაობაზე ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს საერთაშორისო ექსპერტები მოუწოდებენ.
მაპის დაჩქარებულ მიღებაზე საუბარი ნოემბერში, ლვოვის უსაფრთხოების კონფერენციაზე შედგა, გამოქვეყნებულ საბოლოო რეზოლუციაში, რომელიც საერთაშორისო ფორუმის ბოლოს მიიღეს, ნათქვამია, რომ "ნატოს რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარუდგინონ საქართველოს და უკრაინის წვერობის რეალისტური სამოქმედო გეგმა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად“.
ექსპერტებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას, ხოლო რუსეთის მხრიდან მომავალი აგრესია მთავარ საფრთხედ დაასახელეს.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი ზრდის სამხედრო წარმომადგენლობას სამხრეთ კავკასიაში, რაც მოსკოვმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად გააკეთა, ხოლო შავ ზღვას აქცევს პლაცდარმად ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად, რაც, მათი თქმით, ყირიმის ოკუპაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.
ექსპერტები შიშობენ, რომ რეგიონის მიმართ ნატოს სტრატეგიის დანაკლისი ქმნის ვაკუუმს, რომლის შევსებასაც რუსეთი ადვილად ახერხებს.
მათივე თქმით, ნატოს სურს, შეიმუშავოს გაერთიანებული გეგმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, რაც მოიცავს ბალტიისპირეთს, შავ ზღვას და ხმელთაშუა ზღვას.
ექსპერტები ნატოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასაც ურჩევენ. მათ შორის ოკუპირებული ყირიმიდან გემებს ყველა ევროპული და დასავლეთის ქვეყნების პორტებში შესვლა უნდა აუკრძალონ, შავ ზღვაში მუდმივად უნდა იყვენენ დისლოცირებული გერმანული და ამერიკული ხომალდები. რეგიონში ასევე უნდა განთავსდეს საწვრთნელი ბაზა, სადაც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედროები რეგულარულ წვრთნებს ჩაატარებენ.
რეზოლუციას მხარი 17-მა ექსპერტმა დაუჭირა. მათ შორის იყო ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ და უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური, ადმირალი იგორ ვორონჩენკო.