17 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
ნათელია წითელი ხაზი, არ მგონია ამომრჩევლის ნება იყოს, მათი არჩევანი გადაიხედოს - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკების ცალკეული დეტალების გასაჯაროვება, შესაძლოა თავად პროცესის დაზიანებას ისახავდეს მიზნად. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა "დღის კურიერის ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს უკვე რამდენიმე საათია გრძელდება, შესაძლოა ის შედეგიანი იყოს, ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უკანასკნელი იქნება.

შალვა პაპუაშვუილმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა, რა არის მთავარი წითელი ხაზი მმართველი გუნდისთვის, რომელსაც არ გადაკვეთს - ეს განმეორებითი არჩევნებია. 

"თავად ეს ფაქტი, რომ ეს ოპოზიციის გეგმა გასაჯაროვდა მათი მხრიდან და მიეწოდა ერთ-ერთ ტელევიზიას, ხაზს უსვამს ერთის მხრივ მათ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას მოლაპარაკებების პროცესთან და მეორეს მხრივ აჩენს კითხვას - რა იყო მიზანი ამ პუნქტების გასაჯაროვების.

ვიცით ხო, როდესაც მოლაპარაკებებში მხარეები შეთანხმებულები არიან იმაზე, რომ ცალკეულ დეტალებზე არ ისაუბრებენ, ამის გასაჯაროვება ხდება ახლა, მესამე რაუნდის წინ, უკვე თითქმის ბოლო რაუნდია ალბათ, ამას შეიძლება ჰქონდეს თავად პროცესის დაზიანების მიზანი.

მესამე რაუნდი იმედია, რომ ბოლო რაუნდი არის, იმიტომ, რომ ბევრი დრო არც დარჩა. მიმდინარე კვირას იქნება უკვე პარლამენტის პირველი სხდომა, ამიტომ ბოლო რაუნდია, რა თქმა უნდა.

რაც შეეხება შინაარსს, შინაარსის კომენტირება გამიჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ თავად მე არ გახლავართ მოლაპარაკების პროცესის ნაწილი, უბრალოდ რამდენიმე საკითხი ნათელი არის, ნათელი არის რა არის ის წითელი ხაზი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ქართველ ამომრჩეველს აქვს, რომელმაც დააფიქსირა თავისი არჩევანი 31 ოქტომბერს და არა მგონია, რომ ამომრჩევლის ნება იყოს, მათი არჩევანი გადაიხედოს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები