"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდზე საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
მისივე თქმით, მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ მმართველ გუნდს ოპტიმისტური მოლოდინი აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ რიგ საკითხებზე მხარეთა პოზიციები დაახლოვდება და მოლაპარაკება ოპტიმალური შედეგით დასრულდება.
"მოლოდინი ოპტიმისტურია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწევთ იმ შედეგს, რაც დადგა ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რაც არის მრავალპარტიული პარლამენტი.
ბუნებრივია, პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული ინტერესები აქვთ და სუბიექტური ინტერესებიც არის მათ შორის, მაგრამ პოლიტიკაში უნდა მოხდეს პოზიციების დაახლოება და ჩვენ ზუსტად ამის იმედი გვაქვს.
რაც შეეხება დათმობას - მგონია, რომ არასწორი სიტყვაა ჩვენი მხრიდანაც და ოპოზიციის მხრიდანაც. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა დათმობების, არამედ იმ პრინციპით, თუ რა სჭირდება ქვეყნის სწორ განვითარებას. დათმობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერესების ხარჯზე და ზუსტად ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ. იმედი გვაქვს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია სწორედ ასეთი პრინციპით იხელმძღვანელებს.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, ამასთან დაკავშირებით გვაქვს მკაფიო პოზიცია - ასეთი საქმეები უნდა გამოიძიონ იმ ორგანოებმა, და შეისწავლონ, რომელთა ფუნქციაც ეს არის,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.