"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ ახალი არჩევნები და პლებისციტი მმართველი პარტიისთვის წითელი ხაზია, თუმცა არსებობს საკითხები, რომელზეც ოპოზიციასთან შეთანხმება შესაძლებელია.
როგორც გიორგი ამილახვარმა "დღის კურიერში" განაცხადა "ქართულ ოცნებას" ზურგს უმაგრებს არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებული დასკვნები, რაც შეეხება ოპოზიციას ისინი საკუთარი ამომრჩევლების წინააღმდეგაც კი მიდიან.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავეთანხმებით მათ მშრალ მოწოდებას იმის თაობაზე, რომ დაინიშნოს რიგგარეშე თუ ხელახალი არჩევნები. ერთ მხარეს დგას "ქართული ოცნება", რომელსაც ზურგს უმაგრებს ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი, ყველა საერთაშორისო პარტნიორი, რომლებიც ყველა ერთხმად მოუწოდებენ ჩვენს ოპონენტებს, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და იქ გავაგრძელოთ ნორმალური დებატი და საპარლამენტო ცხოვრება და მეორე მხარეს დგას მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია, ოპონენტები, რომლებმაც პირი შეკრეს და თავიანთი ამომრჩევლების წინააღმდეგაც კი მიდიან. ეს ნამდვილად არის გზაგასაყარი და ობიექტური სურათი ნამდვილად ჩანს, რაც შეეხება პლებისციტს, ამის საფუძველიც არ არსებობს, რაღამც ჩვენს ოპონენტებს უნდათ რომ ჩატარდეს პლებისციტი, შემდეგ პლებისციტის შედეგებიც დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ჩავატაროთ ხელახალი პლებისციტი, ასე ვერ გაგრძელდება ბუნებრივია, ეს არ არის ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა, ეს არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. სწორედ ამ ობიექტური მიზეზის გამოა ეს ჩვენი წითელი ხაზი. მაგრამ რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჩვენ ამას პრაგმატულად ვეკიდებით და ვითვალისწინებთ იმას, რომ არის გარკვეული საკითხები, რომელზეც შესაძლოა შედგეს და დარწმუნებული ვართ, რომ შეთანხმება შედგება. ეს უკავშირდება საარჩევნო რეფორმებს და პროცესებს, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში, რათა ხარვეზები იქნას აღმოფხვრილი," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა და ოპოზიციის ნაწილს მოუწოდა, რომ გამოვიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წნეხიდან და შევიდნენ პარლამენტში:
"ამ პატარა პარტიებს ეძლევათ ისტორიული შანსი, ერთის მხრივ დადგნენ ისტორიის ნათელ მხარეს, მიიღონ სწორი და გაბედული გადაწყვეტილება, ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდნენ იმ წნეხიდან და ზეგავლენისგან რასაც "ნაციონალური მოძრაობა" და მათი დანაყოფები უწყობენ და დადგნენ ჩვენთან ერთად, შემოვიდნენ მე-10 მოწვევის პარლამენტში, რათა ყველამ ერთად ვიმუშაოთ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავებაზე," - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაიწყო. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თავის მხრივ ხელახალი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს მმართველი პარტიაც. ფასილიტატორი ელჩები მხარეების პოზიციების დაახლოებას და კონსენსუსის მიღწევას ცდილობენ.