17 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
რეჟიმის ახალი ქართველი ტყვე - რას აპირებს ქართული მხარე ირაკლი ბებუას დასახსნელად, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 

ოკუპირებულ აფხაზეთში 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ირაკლი ბებუას, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ისედაც უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. დროშის დაწვის გამო გალის რაიონში დაკავებული ირაკლი ბებუა ჯერ სოხუმის იზოლატორში გადაიყვანეს, შემდეგ კი ბრალი დაუმძიმეს, იმ მოტივით, რომ თითქოსდა მისი საცხოვრებელი სახლიდან ხელნაკეთი ხელყუმბარა ამოიღეს.

დაკავების შემდეგაც კი ირაკლი ბებუა ამბობდა, რომ მას აფხაზების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, რომ პირიქით, მისი აზრით, "არ უნდა აღინიშნებოდეს ქართველების და აფხაზების დაყოფის თარიღი და კვლავ მეგობრული ურთიერთობების მომხრეა".

ბებუას ოჯახს დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან დადებითი ნაბიჯის მოლოდინი არ ჰქონდა, თუმცა სასჯელის ეს ზომა მოულოდნელი აღმოჩნდა. ახლობლები ამბობენ, რომ ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივი კონტროლი სჭირდება.

ირაკლი ბებუა თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველი საუბრობს. ამბობს, რომ დაკავებულს პირადად ესაუბრა.

დღის ამბები