17 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
"ქართული ოცნება" პარლამენტის შეკრებისთანავე 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი კომისიის შექმნას დააინიცირებს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის შეკრებისთანავე უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის შექმნას დააინიცირებს, რომელმაც 2020 წლის არჩევნები უნდა შეისწავლოს და იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება 1% გადახრა მაინც "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გამოცხადდება, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგზე გააკეთა, სადაც მედიას ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის შესახებ მმართველი პარტიის მოსაზრებები გააცნო

"გვსურს, გაგიზიაროთ მოსაზრებები ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ, მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი გახდა რადიკალური ოპოზიციის შანტაჟი პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით, რაც არჩევნების თითქოსდა სისტემური გაყალბების ბრალდებას ეფუძნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა 31 ოქტომბრის არჩევნები ერთხმად შეაფასა როგორც კონკურენტული და თავისუფალი, რადიკალური ოპოზიცია არჩევნების მეორე დღესვე გამოვიდა ქუჩაში ჯერ კიდევ დაუსრულებელი საარჩევნო პროცესის გასაპროტესტებლად, რამაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

საარჩევნო პროცესი უამრავი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართებოდა, რომელთა შორის რადიკალური ოპოზიციის ათეულობით ფიქტიური სადამკვირვებლო ორგანიზაციის ათასობით წარმომადგენელიც იყო. ასევე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შედგენილ საარჩევნო ოქმებს ხელს აწერს ოპოზიციური პარტიების 11 ათასზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის იმ ოქმებსაც, რომლებშიც დისბალანსი დაფიქსირდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს მაინც ჰყოფნით თავხედობა და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ეჭვქვეშ აყენებენ საერთაშორისო პარტნიორების მიერ აღიარებულ არჩევნების სამართლიანობას. ფაქტია, რომ რადიკალური ოპოზიცია არად დაგიდევს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და მათთვის არჩევნების ერთადერთი ობიექტური შემფასებელი „მთავარი არხი“ და ნიკა გვარამია არიან, რომლებიც, მათ შორის პანდემიისას პოლიტიკური მოროდიორობის ხარჯზე, ეწევიან სისტემურ პროპაგანდას საზოგადოებაში ტოტალური ნიჰილიზმის დასათესად და ცდილობენ ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისის საფრთხის ქვეშ დააყენონ.

მიუხედავად ბრალდების აბსურდულობისა, მოლაპარაკებების დაწყებისთანავე, ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზეთ – პირველი,  1500-მდე საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა, რათა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ საარჩევნო უბნებზე არავითარი სისტემური ხარვეზები არ არსებობდა; მეორე, საარჩევნო უბნებში დამონტაჟებული 3700-ზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერის გამოყენება, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ე.წ. საარჩევნო კარუსელს ადგილი არ ჰქონია; მესამე, სატელევიზიო დებატები, რათა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით – სამწუხაროდ, სამივე ამ შეთავაზებაზე მივიღეთ კატეგორიული უარი მათი მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი შეთავაზების მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს ცალკეული პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებსაც წელს ჰქონდათ საარჩევნო დებიუტი, არ ჰყავდათ წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში, რის გამოც მათი გულწრფელი ეჭვები არჩევნების კორექტულობასთან დაკავშირებით და გადამოწმების ინტერესი სავსებით ლეგიტიმურად უნდა შეფასდეს.

ამასთან ერთად, ნიშანდობლივია, რომ ამ პარტიებისგან განსხვავებით, ზემოაღნიშნული შეთავაზებების მიმართ ყველაზე ხისტი პოზიცია დააფიქსირეს ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, რომლის ლიდერები საქართველოში არჩევნების გაყალბების ისტორიის შემქმნელები არიან და ყველაზე კარგად უწყიან, რომ არჩევნების გადამოწმება სწორედ რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას დაადასტურებდა.

როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან ამ პარტიებთან არჩევნების გადამოწმების საკითხზე ამდენი დროის დახარჯვა შეცდომა იყო.

გუშინდელ მოლაპარაკებებზე და მოლაპარაკებების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ცალკეული რადიკალური ოპოზიციური პარტიები, ჩვენი მეგობარი ელჩების ფასდაუდებელი ძალისხმევის მიუხედავად, რაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის სწორი მიმართულებით წარმართვის ინტერესიდან მომდინარეობს, ყველა ღონეს ხმარობენ მოლაპარაკებების ჩასაშლელად და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შესაქმნელად. ამ მიზანზე გუშინ მათი პარტიული ტელევიზიების ეთერებში ღიად და დაუფარავად საუბრობდნენ რადიკალური ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები.

მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობის კიდევ ერთი გამოხატულება იყო ის ფაქტი, რომ მიუხედავად გუშინწინ მიღწეული პრინციპული შეთანხმებისა საარჩევნო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით, მათ გუშინ მოლაპარაკებებზე წარმოადგინეს რამდენიმე ახალი ულტიმატუმი, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული სისტემის სტაბილური განვითარების ინტერესებთან.

აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი – ეს არის ამბოხი დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად ისინი საპარლამენტო საბოტაჟს განიხილავენ. სწორედ ამ მიზნით, ისინი ბოიკოტის რეჟიმში ამუშავებდნენ პარლამენტს გასული ერთი წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ფუნდამენტური დემოკრატიული ცვლილებებისა, მათ მხარი არ დაუჭირეს არც 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმას და არც ელჩების ფასილიტაციით შეთანხმებულ 2019 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით ჩატარდა.

ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი პარტიის ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი.

ამასთან, პირველი შეკრებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ჩართულნი ამ კომისიის მუშაობაში.  კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით.

თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი, ხაზს ვუსვამთ, ერთ პროცენტიანი გადახრაც კი  „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ (დარწმუნებული ვართ, რომ გადახრა 0,1 პროცენტიც კი არ იქნება), „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს. გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას.

რადიკალური ოპოზიცია უკვე დიდი ხანია არ ცნობს არცერთ ქართულ დემოკრატიულ ინსტიტუტს და მათ ახლა უკვე ღიად გაილაშქრეს საერთაშორისო ინსტიტუტების წინააღმდეგაც. სულ უფრო ხშირდება მათი თავდასხმები ჩვენს დასავლელ მეგობრებზე – შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენენ ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშის მიმართ, რუსეთის აგენტად გამოაცხადეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ა.შ. დასავლურ ინსტიტუტებზე გახშირებული თავდასხმების კულმინაცია იყო გუშინდელი ანტიდასავლური - ანტიამერიკული და ანტიევროპული ეთერი, სადაც გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩების, აგრეთვე, ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიმართ. გუშინდელი ეთერი, რომელშიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ერთმანეთის მხარდამხარ ეწეოდნენ გაერთიანებული რუსული ოპოზიციის წარმომადგენლები – ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, გიგი უგულავა, ნატო ჩხეიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი გუგავა, ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე, იყო ანტიდასავლური პროპაგანდისა და დასავლური ინსტიტუტების წინააღმდეგ ე.წ. რბილი ძალის გამოყენების კლასიკური ნიმუში.

დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმის კიდევ ერთი გამოვლინება იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ამერიკულ-ევროპული მხარდაჭერით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის – "სამართლიანი არჩევნების" ეგიდით ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგების უხეში მანიპულაცია, რაც მათი მხრიდან რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად იყო მოაზრებული. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაამტკიცებს, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები სინამდვილეში სრულ თანხვედრაშია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებთან, რის დადგენასაც ზუსტად ერთი დღე ესაჭიროება. რადიკალურმა ოპოზიციამ, რევოლუციური ზრახვების განსახორციელებლად, ამერიკულ-ევროპული მხარდაჭერით მოქმედ ესოდენ მნიშვნელოვან ინსტიტუტში შეჭრაც კი გაბედა, რითაც მთლიანად ეს სექტორი მძიმე რეპუტაციული რისკის ქვეშ დააყენა. ეს დივერსიული აქტი მათ ანტიდასავლურ ბუნებაზე განსაკუთრებით ნათლად მეტყველებს. პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით წარვუდგენთ.

რადიკალური ოპოზიცია აზიანებს ყველაფერს, რასაც კი ეხება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას, რომ შესაბამისი პარტიები ქმნიან მნიშვნელოვან ბარიერს ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე.

დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმაც არის გამოხატულება იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი დესტაბილიზაცია და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ამბოხია, რაშიც ისინი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებად დასავლურ ინსტიტუტებსა და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს განიხილავენ.

„ქართული ოცნება“ არ დაუშვებს რადიკალური ოპოზიციის ამბოხს, რის რესურსიც მათ, ბუნებრივია, არა აქვთ.

ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ხალხისგან მოპარული ფულით და ამავე ფულით შექმნილი სამი ტელევიზიით, ჯერ კიდევ ახერხებს ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს – ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება. მიუხედავად ამ გარემოებისა, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია. თუმცა, ამისათვის უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავადაც უამრავი სირთულის წინაშე დგანან, ჩვენ ვერ გავაკრიტიკებთ.

საკითხის მოგვარება და კონსტიტუციის აღსრულების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ჩვენი ვალია. ამისათვის, ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არა მხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაშიც.

როგორც მოგეხსენებათ, გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი ჩვენი მეგობარი ელჩების ფასილიტაციით და "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების ხელშესაწყობად.

ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები, "ქართული ოცნება" იღებს პასუხისმგებლობას ფართომასშტაბიანი საარჩევნო რეფორმის გატარებაზე, რომლის საკვანძო ელემენტები ოპოზიციას მოლაპარაკებების ფარგლებში წარვუდგინეთ," – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები