ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა ანგარიში წარმოადგინა. ომბუდსმენის შეფასებით, 2020 წელს, საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, მთავარი გამოწვევა კოვიდ-19 და მის შედეგებთან გამკლავება იყო.
სახალხო დამცველის განმარტებით, პაციენტების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე, სულ უფრო რთულდება მოსახლეობისათვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
ანგარიშში მოხვდა 31 ოქტომბრის არჩევნები და მას შემდეგ გამართული აქციებიც
"ომბუდსმენის შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალადობრივი ინციდენტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე, არჩევნების დღეს ამომრჩევლების ნების კონტროლის, დამკვირვებლებზე და მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლისა და თავდასხმის პარალელურად, განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა შედეგების შეჯამებისა და ხმის დათვლის პროცესი.
ომბუდსმენმა კრიტიკულად შეაფასა 8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი ადამიანების წყლის ჭავლით დაშლის შემთხვევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ღონისძიებას წინ არ უძღოდა აქციის მონაწილეთა გაფრთხილება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას. გამოყენებული ძალა არ იყო აუცილებელი და პროპორციული.
სამწუხაროდ, შეკრების თავისუფლების უფლების რეალიზაციაზე უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შემოღებულმა შეზღუდვებმა გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, აღნიშნული რეგულაციით დადგენილი სანქცია გამოყენებულ იქნა შეკრების თავისუფლებით მოსარგებლე პირების მიმართ,"-აღნიშნულია განცხადებაში.
ანგარიშში მოხვდა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალური იყო 2020 წელს. ესენია გიორგი შაქარაშვილის, ლუკა სირაძის, თემირლან მაჩალიკაშვილისა და ე.წ. კარტოგრაფების საქმეც.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს "კარტოგარფების" საქმეს და მათი მთავარი ამოცანა იმის დადგენაა, იკვეთება თუ არა საქმეში პოლიტიკური მოტივი.
"შესწავლის საგანია ის, თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ბრალდებულთა მიერ განხორციელებული საქმიანობა დანაშაულებრივ ქმედებად, იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიერ საკითხის კომისიისთვის წარდგენა ხდებოდა და ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების კოლეგიურად მიღება ხდებოდა და, ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო ჩართული სხვა უწყებების წარმომადგენლები.
მინდა აღვნიშნო, რომ ამ საქმეში ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება და დაინტერესება ასევე მოიცავს შევაფასოთ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლით დადგენილი სამართლებრივი სტანდარტით, კერძოდ, რამდენად იკვეთება პოლიტიკური მოტივი მართლმსაჯულების განხორციელებისას,"-აღნიშნულია განცხადებაში.