17 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების მასშტაბები არ ვიცი და არც ვაპირებთ რაიმეს დამტკიცებას - აკაკი ბობოხიძე

"ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ "დღის კურიერის" კითხვას, იცის თუ არა ოპოზიციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მასშტაბები, უპასუხა, რომ არ იცის და რომ ამის დადგენა უკვე, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

მისივე თქმით,ოპოზიციის ამოცანა ახლა იმაში მდგომარეობს., რომ "ქართული ოცნება" რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობის წინაშე დააყენოს. 

"სურვილი მარტო არ კმარა. კაცმა არ იცის, ის ბიულეტენები რა მდგომარეობაშია. გაყალბების მასშტაბები არ ვიცი და არ ვაპირებთ რაიმეს დამტკიცებას.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვედასტურებინა, ჩვენ დოკუმენტებზე დავაფუძნეთ ყველა ჩვენი პრეტენზია, ოქმები არსებობს, ცესკოს საიტზე განთავსებული ოქმებით ვლაპარაკობთ. მეტსაც გეტყვით - იმ ოქმებითაც არ ვლაპარაკობთ, რომელიც ჩვენ მოგვცეს და რომელიც ხელში გვიჭირავს.

ეს განვლილი ეტაპია, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და შეეძლოთ იქ დაეკმაყოფილებინათ ჩვენი მოთხოვნა უბნების გადათვლაზე, ჩვენ მივმართეთ კომისიებს და იქ დაეკმაყოფილებინათ ის მოთხოვნები გადათვლაზე. დრო რატომ მოიგეს, რისთვის სჭირდებოდათ ეს დრო?! ჩვენ ახლა ექსპერიმენტებს ვერ ჩავატარებთ.

ჩვენ უკვე არავისთვის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ გარემოებები და მდგომარეობა, როცა "ქართული ოცნება" იძულებული გახდება დათანხმდეს რიგგარეშე არჩევნებს. ჩვენი პარლამენტში არ შესვლა არის საშუალება ამის მისაღწევად და, როგორც აღმოჩნდა, ეს წარმატებული ნაბიჯია, რადგან ის დათმობა, რაც გააკეთა "ქართულმა ოცნებამ", სწორედ იმიტომ აკეთებს, რომ რამენაირად პარლამენტში გვიხილოს. როცა ელისაშვილი ამბობს, თუ პარლამენტში არ შევედით, მოლაპარაკება აზრს დაკარგავსო, "ქართულ ოცნებას" სწორედ იმიტომ უნდა მოლაპარაკებები, რომ რამენაირად პარლამენტში შეგვიყვანოს, თუ მიაღწია ამ მიზანს და პარლამენტში შეგვიყვანა, მერე მოლაპარაკებები სწორედაც რომ აზრს დაკარგავს "ქართული ოცნებისთვის,"-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

დღის ამბები