პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად ხვალ ოპოზიცია პარტიული სიების ანულირების ხელშეკრულებას გააფორმებს. ამის შემდეგ არჩეულმა დეპუტატებმა მანდატებზე უარის შესახებ განცხადებებით პარლამენტს უნდა მიმართონ.
წინასწარ არის ცნობილი, რომ ყველა ასეთ მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობა დააკმაყოფილებს.
პარტიული სიების ანულირებას გეგმავენ "ევროპული საქართველოს", "ნაციონალური მოძრაობისა" და "ლეიბორისტული პარტიის" წევრები.
"ჩვენ დღეს გავივლით კონსულტაციებს იურისტებთან, ანუ რომ არ დავარღვიოთ პროცედურული საკითხები და კიდევ რაღაც შემოსადავებელი რომ არ იყოს "ქართული ოცნების" მხრიდან კონკრეტულად როდის უნდა დაიწეროს ეს განცხადებები. ეს ალბათ ხვალ მოხდება. ენმ და გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ვსაუბრობ, რომ ყველა ის დეპუტატი, რომელიც ცესკოს მონაცემებით შესულია პარლამენტში, ის დაწერს ინდივიდუალურ განცხადებებს, ხოლო პარტიის ხელმძღვანელობა ჩახსნის იმ სიებს, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშია და ამით დასრულდება ჩვენი მხრიდან ეს პროცესი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
"ევროპული საქართველო" სხვა პარტიებთან ერთად ხვალ გეგმავს ამ ფაზის დასრულებას, ანუ ლეგიტიმაციის არმიცემას ამ პარლამენტისთვის," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
"ხვალ ხელი მოეწერება 3 მნიშვნელოვან დოკუმენტს. პირველი - ეს პარლამენტი მიჩნეული იქნება არალეგიტიმურად. მეორე - მოხდება სიების ანულირება. მესამე - ის პირები, ვინც პარლამენტის წევრებად იწოდებიან, დაწერენ განცხადებას უფლებამოსილების შესახებ. ეს იქნება სრულფასოვანი ბოიკოტი," - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა გიორგი გუგავამ.