17 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
სანდრა რულოვსი ზელიმხან ხანგოშვილს გერმანიაში თავშესაფრის მიღებაში ეხმარებოდა - რას აცხადებენ მისი ოჯახის წევრები 

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს. "დოიჩე ველეს" ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ხანგოშვილის მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და მოკლული მასთან შეხვედრას აპირებდა. საქმის პროკურორმა ბერლინის სასამართლოში განაცხდა, რომ რულოვსი ტელეფონით დაიკითხა, თუმცა ახლა გამოძიებას მისი სასამართლო დარბაზში დაკითხვა სურს. "გარდიანის" ცნობით, რულოვსი ხანგოშვილის პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაში ეხმარებოდა, რის გამოც, საქართველოს ექსპრეზიდენტის მეუღლემ მიგრაციის სამსახურში შუამდგომლობის წერილი 2019 წელს გააგზავნა.

"წერილი მისწერა, როგორც რეკომენდაცია რომ ზელიმხანს ჰქონდა სერიოზულად საქმე და ყურადღება მიექციათ მისთვის თავშესაფრის მიცემის თაობაზე. იყო რომ მას რუსეთისგან ემუქრება საფრთხე, საქართველოში დაუცველი იყო და გამოუძიებელი დატოვეს მასზე თავდასხმა," - აცხადებს ზელიმხან ხანგოშვილის ძმა ზურაბ ხანგოშვილი.

ზელიმხან ხანგოშვილის მეუღლე - ანა აცხადებს, რომ მისი მეუღლე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაახლოებული პირი იყო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ სანდრა რულოვსთანაც:

"ჩემი მეუღლე მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო მისი მეუღლე ძალიან სასიამოვნო ქალბატონია, როდესაც ჩვენ ოდესაში ვცხოვრობდით და სააკაშვილი გუბერნატორი იყო, მისგან რაიმე პირდაპირ დახმარებას არ ვიღებდით. ეს ფაქტორი ალბათ უფრო უსაფრთხო გარემოს ქმნიდა ჩვენთვის უკრაინაში ყოფნისას. უბრალოდ, სააკაშვილიც მაშინ იყო ოდესაში, როდესაც ჩვენ. ალბათ ზელმხანისთვის ოდესაში ყოფნა უფრო უსაფრთხო იყო, როდესაც იცი, რომ გვერდით მეგობრები გყავს. ქალბატონი სანდრა დაკრძალვაზე იმყოფებოდა და მწუხარება გამოხატა მომხდარის გამო, რისთვისაც მას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი," - განაცხადა ზურაბ ხანგოშვილის მეუღლემ.

კავკასიურ-გერმანული საზოგადოების თავმჯდომარე პუბლიცისტი ეკეჰარდ მაასი მიიჩნევს, რომ გულუბრყვილობა გამოიჩინეს, როდესაც იფიქრეს, რომ რუსეთი მსგავს ტერორისტულ აქტს გერმანიის შუაგულში ვერ გაბედავდა:

"ძალიან გულუბრყვილოები აღმოვჩნდით, ვერ წარმოვიდგენდით, რომ რუსეთი გაბედავდა ასეთი ტერორისტული აქტის განხორციელებას გერმანიის შუაგულში, მე მას ვეხმარებოდი, დავწერე წერილი მიგრაციის სამსახურის სახელზე სადაც აღვწერდი იმ საფრთხეებს, რაც ხანგოშვილს ემუქრებოდა, ის მხოლოდ ოჯახზე და მეგობრებზე ფიქრობდა და უკანასკნელ ადგილზე საკუთარ თავს აყენებდა. მეკითხებოდა ხოლმე, როგორ ფიქრობ, აქ უსაფრთხოდ ვარ? ვეუბნებოდი, რომ ამის გარანტიას მას ვერავინ მისცემდა," - განაცხადა ეკეჰარდ მაასმა.

დღის ამბები