"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ოპოზიციური სპექტრში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მისი ვარაუდით, არ დაექვემდებარებიან რადიკალური ოპოზიციის მხრიდან წამოსულ შანტაჟს და წარმოდგენილი იქნებიან პარლამენტში:
"ჩვენ ვმონაწილეობდით მოლაპარაკებაში და დავინახეთ ერთზე, ორზე და სამზე მეტი ღირსეული ადამიანი, პარტიებზე მაქვს საუბარი, არა მარტო ადამიანებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ არ დაექვემდებარებიან. არ დავასახელებ არაფერს, წინ კიდევ არის დრო, "ქართულ ოცნებას" არაფერი აქვს ასაჩქარებელი, ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილი ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, "- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ თავი შეიკავა დაესახელებინა ის ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებზეც ის იმედოვნებს, რომ პარლამენტში შევლენ, თუმცა დაასახელა ის პირები, რომლებთან ასოცირებულ პოლიტიკურ ძალებსაც არაჯანსაღად მიიჩნევს:
"სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, უგულავა და ვინც ამ სახეებთან არაა დაკავშირებული და ასოცირებული არის ჯანსაღი ძალები, მაგრამ ვინც არის ასოცირებული, მათი ადგილი პარლამენტში არაა, ვისურვებდით რომ არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიები არ იყვნენ წარმოდგენილი.
უახლოეს მომავალში შემოვლენ. ხვალინდელ სხდომას რაც შეეხება მე გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება როგორ წარიმართება ეს სხდომა, რა შემადგენლობით. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი დეპუტატები იქნებიან უკლებლივ წარმოდგენილი სხდომათა დარბაზში. რაც შეეხება პროცესს, პროცესი გრძელდება და ამ პროცესის საფუძველზე ოპოზიციონერი დეპუტატები აუცილებლად იქნებიან სათანადო რაოდენობით წარმოდგენილი პარლამენტში. ამის კონკრეტული ნიშნები და გამოვლინებები გამოჩნდება უახლოეს დღეებში," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.