პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის მეხუთე რაუნდი დღეს ჩაიშალა - შესაბამისად, მორიგი მოლაპარაკება დიპლომატების მედიატორობით მხოლოდ პარლამენტის შეკრების შემდეგ გაიმართება.
ოპოზიციის განწყობები არ იცვლება, პოლიტიკური ძალების უმრავლესობა ხელისუფლების შეთავაზებაზე უარს ამბობს. ისინი წინასწარვე უცხადებენ უნდობლობას ჯერ არშექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას.
პოლიტიკური პარტიების მოთხოვნები უცვლელი რჩება. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ის მთავარი საკითხია, რაზეც ოპოზიცია დათმობაზე არ წავა.
რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობაზე გუშინ "ქართული ოცნებაში" ღიად პირველად ისაუბრეს. დღეს ასევე პირველად ითქვა, რომ მმართველი პარტია დახურულ მოლაპარაკებებზეც სთავაზობდა პარტიებს, რომ თუ ისინი "ქართულ ოცნებას" არჩევნების ერთი პროცენტით გაყალბებას მაინც დაუმტკიცებდნენ, სახელისუფლებო გუნდი თანახმა იყო ახალი არჩევნების დანიშვნაზე.
საკუთარი წინადადება დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უარის თქმამ ოპოზიციის ნაწილის რეალური მიზნები გამოაჩინა და დღეს დანიშნული მოლაპარაკებებიც ჩაშალა.