უკვე ცნობილია როგორ გადანაწილდება ახალ პარლამენტში პოსტები. "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი კანდიდატები დაასახელა.
თანამდებობას ინარჩუნებს პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ორგანოს მეორე მოწვევით არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს. ვიცე-სპიკერის პოსტზე რჩებიან კახა კუჭავა და გია ვოლსკი, კიდევ ერთი ახალი ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკოა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტს ირაკლი კობახიძე ჩაიბარებს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კი მამუკა მდინარაძე იქნება.
რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეების ვინაობას, მათგან 5 პოსტს ინარჩუნებს:
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილია ანრი ოხანაშვილი.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ - ირაკლი კოვზანაძე.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე იქნება.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ისევ მიხეილ ყაველაშვილი იქნება.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს კი ბექა ოდიშარია უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება ახალ თავმჯდომარებს:
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდება მიხეილ სარჯველაძე;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი ქადაგიშვილია წარდგენილი;
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი სოზარ სუბარი;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარედ დავით სონღულაშვილი დაინიშნება;
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ კი ნინო წილოსანი;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს მაია ბითაძე უხელმძღვანელებს;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე კი მაკა ბოჭორიშვილი გახდება.
რაც შეეხება პროცედურებს, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ ზუსტად 12 საათზე დაიწყება. სესიას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის,
სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს გადაეცემა. თუ "ნაციონალური მოძრაობა" და შესაბამისად, სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე დარბაზში არ იქნება, შემდეგი უხუცესი დეპუტატი ლადო კახაძეა "ქართული ოცნებიდან", პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას სწორედ ის გაუძღვება.
სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელ და სამანდატო კომისიებს აირჩევენ.
ამის შემდეგ პარლამენტის წინაშე უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა წარდგეს. თამარ ჟვანია სხდომას წარუდგენს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას. სრული შემადგენლობის 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან უფლებამოსილება შეუწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.
შემდეგი პროცედურული ნაბიჯი რეგლამენტის მიხედვით პარლამენტარის ქვეყნისადმი ერთგულების ფიცია, რომლის ტექსტსაც ასევე ტრიბუნასთან თამარ ჟვანია წაიკითხავს. პარლამენტის წევრები ხელს მოაწერენ ფიცის ტექსტს და დარბაზში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.
ამის შემდეგ დეპუტატებმა უნდა აირჩიონ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალკვაძე, რომელიც უკვე სხდომას გადაიბარებს. პროცედურის მიხედვით პარლამენტი ირჩევს ვიცე-სპიკერებსაც. იმის გამო, რომ კვოტა ოპოზიციასაც ეკუთვნის, ბოიკოტის შემთხვევაში ეს პროცესი სრულყოფილად ვერ გაიმართება, დაინიშნებიან მხოლოდ "ქართული ოცნების" ვიცე-სპიკერები, ამის შემდეგ კი აირჩევენ უკვე დასახელებულ 15 კომიტეტის თავმჯდომარეებს, უმრავლესობისა და ფრაქციის ხელმძღვანელს.
ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, უფლებამოსილება უჩერდება მოქმედ მთავრობას, შესაბამისად გიორგი გახარია და მისი მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი მოვალეობის შემსრულებელი ხდება.
მმართველმა გუნდმა მინისტრთა ახალი კაბინეტი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარლამენტს პირველი სხდომიდან ორი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს. თუმცა იქამდე, იმის გამო, რომ სასწრაფოდ არის განსახილველი მომავალი წლის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, ახალი პარლამენტი, პირველ რიგში, სწორედ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს განიხილავს. ეს პროცესი 17 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.