პარტია მქალაქეების ლიდერის, ლევან იოსელიანის შეფასებით, ოპოზიციის მიერ დღეს პარლამენტთან მოწყობილი მანდატებზე უარის თქმის სიმბოლური აქცია სიყალბე იყო.
მისი შეფასებით, თუ მოლაპარაკებას მხარს უჭერ, მაშინ მანდატებზე უარი არ უნდა თქვა, რადგან, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მისი უკან მოთხოვნა მოგიწევს.
ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ერთადერთი გამოსავალი მოლაპარაკების მიღწევაა და არა რევოლუციური სცენარი, რომლის განვითარების მომხრეც "ევროპული საქართველოა".
"დღეს რა პერფორმანსიც ვნახეთ - მანდატებზე უარის თქმა, ეს არის სიყალბე. მე თუ ხვალ ვჯდები მოლაპარაკების მაგიდასთან და დღეს მანდატზე ვამბობ უარს, და თუ იმ მოლაპარაკებაზე არსებობს შეთანხმების შანსი, მე ისევ კობახიძესთან არ მივალ მანდატის გამოსართმევად. ვინც ამას აკეთებს, მოუწევთ კობახიძესთან მისვლა მანდატის გამოსართმევად. არის ხალხი, ვინც ხედავს ლოგიკას და ხვდება, რომ მოლაპარაკებები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც პერფორმანსები და დგამენ სწორ ნაბიჯებს.
მთელი ეს პერიოდი, კრიტიკა ხომ დავიმსახურეთ, არავისგან არ მიგვღია კრიტიკა "ევროპული საქართველოს" გარდა. არავის არ გავულანძღივართ, არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც არავის, იმიტომ, რომ ჩვენ ვთქვით ის სათქმელი, რომელსაც ეს პარტიები ისედაც ფიქრობენ. ხომ გამოჩნდა დღეს, ასე ვინ ფიქრობდა?
დღეს თქვენი ჟურნალისტები იყვნენ იქ, დაითვალეს რამდენი დეპუტატი იყო მისული, ყველამ თქვა მანდატზე უარი? მგონი, ნახევარიც არ იყო მისული. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იყო? დღეს ხომ იყო მანდატებზე უარის თქმის დღე, ხომ ასე გამოცხადდა, მივიდა ეს ხალხი და თქვეს მანდატებზე უარი? მე ვერ დავინახე.
მოლაპარაკების შედეგად, თუ ეს შეთანხმება მიიღწევა, ვინც არ მივიდა კი არა, ვინც მივიდა, ისინიც შევლენ პარლამენტში. პარლამენტში შესვლა რომ სასირცხვილო ამბავი გახდა, ხომ ხვდებით. ასეთი პოლიტიკური კონიუნქტურა ჩამოყალიბდა, რომ თუ ამბობ, პარლამნეტში უნდა შევიდე, ეს ითვლება სამშობლოს ღალატად და თუ იტყვი, რომ მოლაპარაკების მომხრე ვარ, ეს არ ითვლება. მოლაპარაკების და შეთანხმების მომხრე თუ ხარ, იმ შეთანხმებას რომ ხელს მოაწერ, მერე სად მიდიხარ?
ჩვენ დავინახეთ საფრთხე, რომ ვიღაცამ ეს პროცესი თუ არ დაიცვა და თავის თავზე თუ არ აიღო თუნდაც ამხელა ტალახის ფასად, რომ მოლაპარაკების და შეთანხმების შესაძლებლობა გადაარჩინოს, მაშინ ყველაფერი შევიდოდა ჩიხში. მე ამ ქვეყნისთვის სხვა, უფრო უკეთეს გამოსავალს ვერ ვხედავ.
მეორე გამოსავალი არის, რომ დაველოდოთ გაზაფხულზე არეულობას. როგორც ამბობენ ხოლმე, რომ გაზაფხულზე გამოვა გაბრაზებული ხალხი და რამეს მოაწყობს, ეს ჩემთვის არის პრინციპულად მიუღებელი. როდესაც ასეთი სცენარის შესაძლებლობა იქნება, ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით მთელი ჩვენი არსებით, რადგან ეს ქვეყანა არ გვემეტება ამისთვის.
რევოლუციური სცენარის განხილვა არ ხდება, მაგრამ იმ პროცესს, რომელიც არ სრულდება მოლაპარაკებით და როცა ვსვამთ კითხვას, რითი სრულდება - ლოგიკური პასუხი მოსდევს - გაბრაზებული ხალხის გამოსვლით. ბევრი ლიდერისგან და პირველ რიგში იმ ხალხისგან, ვინც ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას, "ევროპული საქართველოს" ლიდერებს ვგულისხმობ. კი, მათ ვგულისხმობ მხოლოდ, რადგან "ნაციონალური მოძრაობაც" კი არ არის ამის მომხრე,"-განაცხადა ლევან იოსელიანმა.