17 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
ოპოზიციაში არსებობენ ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ რომ გამოსავალი შეიძლება ხალხის ქუჩაში გამოსვლაში იყოს - ზურაბ ჯაფარიძე

პარტია "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი რევოლუციურ სცენარში შეიძლება იყოს.

მისივე შეფასებით, ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც უარს ამბობს პოლიტიკური კრიზისის სტანდარტული გზით განმუხტვაზე, რომელიც ვადამდელი არჩევნებია. 

"მე არ მომისმენია კონკრეტულად ეს ფრაზა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში არსებობენ ცალკეული ოპოზიციური პარტიები, ლიდერები, შეიძლება უმრავლესობაც კი, რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის შიგნით, რომელიც ფიქრობს, რომ, საბოლოო ჯამში, გამოსავალი შეიძლება იყოს ეგ. ისე დამძიმდეს ქვეყანაში, პირველ რიგში, ეკონომიკური პრობლემების გამო სიტუაცია, რომ ხალხი გამოვიდეს ქუჩაში.

ოღონდ, ეს პასუხისმგებლობა კონკრეტული ოპოზიციური პარტიის კი არ იქნება, რომელიც შეიძლება ამაზე ოცნებობდეს, ან ოპოზიციურ ლიდერზე, არამედ ხელისუფლებაზე, რომელიც უარს ამბობს ამ პოლიტიკური კრიზისის სტანდარტული პოლიტიკური გზით განმუხტვაზე. სტანდარტული პოლიტიკური გზა, ყველა განვითარებული დემოკრატიულ ქვეყანაში, არის ვადამდელი არჩევნები, რომელიც განმუხტავს ამ სიტუაციას,"-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ "დღის კურიერის" ეთერში პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ "ევროპული საქართველო" ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების მომხრეა. 

დღის ამბები