"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციამ და მიხეილ სააკაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადონ, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა.
ამის დასტურად მან მოიყვანა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ხმების პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ცდომილება ცესკოს მონაცემებთან შედარებით უმნიშვნელოა და საპარლამენტო მანდატების რაოდენობაზე გავლენას ვერ ახდენს.
"ვფიქრობ, ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ამ განცხადების შემდეგ მეოთხე პრეზიდენტმა და მთელმა ოპოზიციამაც უნდა მოიხადოს ბოდიში, ვინაიდან თქვენ ახლა წაიკითხეთ ოპოზიციის მთავარი ბრალდება, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, უსაფუძვლოა. დასტურდება ამ განცხადებით, რომ არჩევნების არანაირი გაყალბება არ ყოფილა და მანდატების რაოდენობა არის ზუსტად ისე გადანაწილებული, როგორც ეს ცესკომ თავის შედეგებში აჩვენა,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.