17 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
შედგება, თუ არა მე-5 რაუნდი - ფასილიტატორების მონაწილეობის შემთხვევაში ოპოზიცია უმრავლესობასთან დიალოგის გაგრძელების მომხრეა

ოპოზიცია კვლავ საპარლამენტო არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე მიუთითებს. ოპოზიციის ხედვა უცვლელია, ბოიკოტი გრძელდება, პარტიების დიდმა ნაწილმა უკვე ოფიციალურად მიმართა ცესკოს სიების განულებაზე.

რაც შეეხება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, მხარეები მზად არიან პროცესში მონაწილეობა გააგრძელონ, თუმცა ამბობენ, რომ არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები მოლაპარაკებების პროცესს წარმატებას ვერ მოუტანს.

"ძირითადი მოთხოვნები რაც იყო, რჩება იმ მოთხოვნებად, იმიტომ, რომ არსად ეს პრობლემები არ გამქრალა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ISFED არ არის ერთადერთი და უმაღლესი ინსტანცია, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ თუმდაც ამ მოთხოვნებს ვაყენებთ. რაც შეეხება არჩილ თალაკვაძის განცხადებას, ასეთი განცხადებები ბევრი გვინახავს და მათ შორის მოლაპარაკებების პროცესში, იგივე თალაკვაძის, კობახიძის განცხადებები, არ ემსახურებოდა მოლაპარაკების წარმატებულად მიმდინარეობას," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

პოზიტიურად არ უყურებს მოლაპარაკებების პროცესს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე, თუმცა ამბობს, რომ პროცესში მონაწილეობის მიღება გაგრძელდება.

"მოლაპარაკება, დიალოგი, გაცვლა ინფორმაციის ჩვენს პარტნიორებთან ერთად განსაკუთრებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე დიდად პოზიტიური განწყობა ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არ მაქვს, ეს არის ჩემი პოზიცია. იმიტომ, რომ როდესაც მოლაპარაკებები მიდიოდა, კობახიძე გუშინ კვლავ ემუქრება ოპოზიციას და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" რეგისტრაციიდან ჩახსნით ემუქრება. 1/3-ს მოსახლეობის უუქმებს არჩევნებს, მაგრამ, თუ იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მსგავსი სურვილი, რასაკვირველია ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ამ დიალოგში ," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  

დღის ამბები