ოპოზიცია "მოქალაქეების" ლიდერ ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს პასუხობს, რომელმაც დახურულ შეხვედრაზე განხილული საკითხებთან დაკავშირებით "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძე ალეკო ელისაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ ენმ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ყოყმანობს, ამბობს, რომ გადაწყვეტილება პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით მყარია და ამის შესახებ მერყეობა არც ყოფილა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ჩემი ძალიან მყარი გადაწყვეტილებაა, რომ ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება, თუნდაც იმ გადმოგდებულ ნამცეცებზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სთავაზობდა, მათ შორის, საარჩევნო რეფორმის სახით, თუმცა, შემდეგ კობახიძე გამოვიდა და უთხრა მცირე პარტიებს, რომ მე ამას ისედაც მივიღებ, თუ გინდა შემოდი, თუ გინდა არაო, ეს არის მიუღებელი. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ჩვენ ვართ სრულიად ერთიანი ოპოზიციასთან. არავითარი მერყეობა, ამ კუთხით, "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ყოფილა,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებში ერთიანობაა იმ საკითხზე, რომ "ოცნებასთან" შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში პარლამენტში შევლენ.
"მხოლოდ "სტრატეგია აღმაშენებელში" არა, ყველა ოპოზიციურ პარტიაში, ვინც ვიკრიბებით და ერთობლივი ხედვა და მოთხოვნები გვაქვს, არის განწყობა, რომ თუ შეთანხმება მოხდა, ბრძოლა პარლამენტში გაგრძელდება. ამაზე უარი არავის უთქვამს და ბატონი ელისაშვილი ახალს არაფერ ამბობს,"-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძის განცხადების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა.
"არ მივიჩნევ, რომ უნდა შევაფასო ალეკო ელისაშვილი, ის თავის თავს კარგად უკეთებს ლუსტრაციას და ნამდვილად არ მიხარია მისი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენა. რაც შეეხება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას - მეც ვესწრებოდი ამ შეხვედრას და ამ შეხვედრას ესწრებოდა ძალიან ბევრი ადამიანი და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს განცხადება მხოლოდ მას ახსოვს და სხვა მოწმეები არ არსებობენ, რომლებსაც ახსოვთ რა ილაპარაკა იქ მამუკამ თუ სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა, ძალიან მოკლე ჭკუის გათვლა აქვს გაკეთებული და არც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე შემოატრიალებდა ამ საუბრის შინაარსს,"-განაცხადა მან.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ეთანხმება ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ პარლამენტში შეთანხმების საფუძველზე შესვლის შემთხვევაში, ის უფრო საინტერესო იქნება როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის
"ამ აზრს ვიზიარებთ იმ შემთხვევაში, თუ იქ 60 ადამიანი იქნება სწორად შესული და არ იქნება ისეთი, როგორც დღესაა - დროზე შედით პარლამენტში, თორემ ქუჩაში რაღაცა დაგემართებათ, ასე დამუქრებით თუა შესული ოპოზიცია, გინდა 60 იყოს, გინდაც 70 - შინაარსი არ გააჩნია. ჩვენ თუ ახლა ამ პირობებიდან შევთანხმდებით რაღაცაზე და პარლამენტში შეთანხმების საფუძველზე შევალთ, ეს პარლამენტი უფრო საინტერესო იქნება როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის. როგორც ჩანს, ეს იგულისხმა ბატონმა ელისაშვილმა და მე მას ვეთანხმები,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე არ იზიარებს ელისაშვილის ოპტიმიზმს პარლამენტში ოპოზიციის ბერკეტებტან დაკავშირებით.
"ოპოზიცია პარლამენტში თუ შევა ბევრი ბერკეტი ექნება, რომ რაღაცები გააკეთოს, ალეკოსგან განსხვავებით, ასეთი ოპტიმიზმი არ მაქვს. ნამყოფი ვარ პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან და ნანახი მაქვს რა ბერკეტებიც აქვს ოპოზიციას - ძალიან მწირი ბერკეტები აქვს. რეალურად, ერთადერთი ბერკეტი რაც გაქვს, გაქვს საპარლამენტო ტრიბუნა, სადაც შეგიძლია რაღაცები იყვირო. სხვა მხრივ, საკანონმდებლო პროცესზე რაიმე გავლენის მოხდება შეუძლებელია - უმრავლესობას გააქვს ყველაფერი ისე, როგორც მას უნდა,"-განაცხადა მან.