"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ალეკო ელისაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, როდესაც ხელისუფლებაში მოდის ძალა, რომელსაც უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს, მას ან რევოლუცია ან ავტორიტარიზმთან შეგუება მოჰყვება.
"ბატონი ელისაშვილი თვითლუსტრაციას აღარ საჭიროებს, შემდეგში შეუძლია ბატონ კობახიძესთან ერთად ჩაატაროს ბრიფინგი.
რაც შეეხება იმას, რისი შეცვლა შეუძლია ოპოზიციას და რისი არა, რომ შესულიყო პარლამენტში - საკითხის ასე დასმა ფუნდამენტურად მცდარია. მანდატების გამოყენებაზე არ არის ტესტი აქ, ტესტია ის, შეუძლია თუ არა ძალაუფლება დაიტოვოს ადამიანმა, თუ უმრავლესობას მისთვის მხარი არ დაუჭერია. პასუხი არის არა, არ შეიძლება, რადგან ეს გვაყენებს იმ ქვეყნების რიცხვში და იმ გზაზე, რასაც მოჰყვება უზარმაზარი ზარალი, მსხვერპლი მორალური, ფაქტობრივი, ყველანაირი.
მაშინ ხდება ან შეცვლა სხვანაირად, რევოლუციებით, ან ხდება შეგუება ავტორიტარიზმთან. მეორე ხომ კატასტროფაა და არ უნდა დავუშვათ და არც რევოლუცია გვინდა, ამიტომაა საჭირო ახალი, ნორმალური, ვადამდელი არჩევნები,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლას მხოლოდ შეთანხმების შემთხვევაში ექნება აზრი.
„არასწორი მგონია, როცა ვიკრიბებით და ტვინის შტურმი გვქვს გაჩაღებული სხვადასხვა ვერსიებთან დაკავშირებით ყველა დეტალზე გარეთ ვისაუბროთ, თუმცა, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას. 60 მანდატის გამოყენებას აზრი რომ ჰქონდეს, ამას სჭირდება შეთანხმება, თუ შეთანხმება არ არის, 60 მანდატს აზრი არ აქვს, ეს რის ფაქტი. შეთანხმების გარეშე ვერაფერი ვერ იქნება,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.