უნდა ველოდოთ თუ არა მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის - მორიგი დიალოგის მოლოდინში დაპირისპირება ამჯერად თავად ოპოზიციურ ძალებშიც ღვივდება.
დახურულ შეხვედრებზე განხილულმა საკითხებმა საჯარო სივრცეში გამოჟონა. დესტრუქციაში ოპოზიციონერ ლიდერებს ერთ-ერთი ოპოზიციონერი, ალეკო ელისაშვილი, ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ომისთვის ემზადებიან და რევოლუცია სურთ. თუმცა, როგორც ელისაშვილი ამბობს, ბარიერგადალახულ მცირე პარტიებს და "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილს პარლამენტში შესვლა სურთ.
ბრალდების მთავარი ადრესატები ალეკო ელისაშვილის შეფასებას სერიოზულად არ აღიქვამენ და ამბობენ, რომ რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარებისთვის არავინ ემზადება.
ოპოზიციის დანარჩენმა წევრებმა ალეკო ელსაშვილს შიდა დისკუსიაზე ღიად საუბარი დაუწუნეს და ურჩიეს, რომ მათი სახელით არ ისაუბროს. რაც შეეხება საპარლამენტო მანდატებს, ყველა პოლიტიკური სუბიექტი ერთ პოზიციაზეა და ამბობენ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობის ცნობა არ მოხდება, ვითარებას კი მხოლოდ მათი მთავარი მოთხოვნის - რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა განმუხტავს.