საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის შესახებ საუბრობს. კარლ ჰარცელის ინტერვიუს ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ჰარცელის განცხადებით, ნოემბრის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობის დასახმარებლად მაკროფინანსური დახმარების სახით, 100 მილიონი ევრო გამოუყო.
"ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა (Team Europe) COVID - 19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად შეძლო დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის, ანუ საჩუქრის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი - მაქსიმალურად შეღავათიანი სესხის სახით.
თანხის ნახევარზე მეტი მოხმარდება საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად მიმართული ძალისხმევის გაძლიერებას, მათ შორის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებასა და მთავრობის სათანადოდ ფუნქციონირების ფინანსურ უზრუნველყოფას. ამ მიზნით, 100 მილიონი ევროს მოცულობის სესხის დიდი ნაწილი ჩვენ უკვე ჩავურიცხეთ საქართველოს.
მეორე, ევროკავშირის მხარდაჭერა პირდაპირ მიმართულია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე. ხდება სამედიცინო აღჭურვილობის უზრუნველყოფა, როგორიცაა სასუნთქი აპარატები, სამედიცინო პირბადეები და სამედიცინო პერსონალის გადამზადება.
მესამე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოწყვლად ჯგუფებს: ჩვენი განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართულია ეკონომიკური მდგრადობისა და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერაზე, რაც დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება. გამოვყავით თითქმის 250 მილიონი ლარი ბიზნესებისთვის სესხებზე წვდომის ხელშესაწყობად. ჩვენ პანდემიის პირველი დღეებიდანვე დავიწყეთ მუშაობა საქართველოს მთავრობასთან და დავსახეთ პანდემიასთან ბრძოლის ერთობლივი პრიორიტეტები, მათ შორის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიზნების განსაზღვრის კუთხითაც. ჩვენ მივიღებთ გარკვეულ ზომებს იმისათვის, რომ ამ პროგრამის განხორციელებისა და პროგრამისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის სათანადო მონიტორინგი უზრუნველვყოთ," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.