როგორ გაგრძელდება მომავალ კვირას პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში და დაინიშნება თუ არა დიალოგის მეხუთე რაუნდი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ელჩების მონაწილეობით - როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, მათი მოთხოვნები უცვლელია. მათი თქმით, შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში გამოსავალი, ახალი არჩევნების ჩატარებაა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბოიკოტი სამართლებრივად ბოლომდე გაფორმდეს. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება და იქნება შემდგარი ფაქტი - სამართლებრივად ბოიკოტი და არ მონაწილეობა ამ გაყალბებულ, კომუნისტურ პარლამენტში, შემდეგ ბუნებრივია ზეწოლა "ქართულ ოცნებაზე" ბევრად გაიზრდება," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა.
"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიცია მზადაა მოლაპარაკების გასაგრძელებლად. მისი თქმით, ჯერჯერობით არის დრო, რათა შედგეს მოლაპარაკება. ჩიხლაძე ამბობს, რომ დიდი იმედით უყურებს მოლაპარაკებების პროცესს. მისი თქმით, მეხუთე რაუნდი ხვალ ან ზეგ გაიმართება.